კომპანიას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მოგების ყოველთვიური გადასახადის დეკლარირება ევალება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა - ანა ოსიყმიშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი.

რას გულისხმობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?

მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

· განაწილებული მოგება,;

· გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

· უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

· წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1%-ს.

ვინ არის მოგების გადასახადის გადამხდელი, რომელ საწარმოს ეხება და რომელს არა მოგების ყოველთვიური გადასახადი?

მოგების გადასახადის გადამხდელია:

· რეზიდენტი საწარმო;

· არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

მოგების ყოველთვიური გადასახადი ვრცელდება ყველა კომპანიაზე, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, გარდა შემდეგი ორგანიზაციებისა:

· კომერციული ბანკი;

· საკრედიტო კავშირი;

· სადაზღვევი ორგანიზაცია;

· მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი;

· ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირი, ამ საქმიანობის ნაწილში;

· ცალკეული გადამხდელები საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით.;

რამდენია მოგების გადასახადის ოდენობა და როგორ ხდება გაანგარიშება?

მოგების გადასახადის განაკვეთი არის 15%. რაც შეეხება გაანგარიშებას, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0,85-ზე გაყოფის შედეგად.

მაგალითისთვის, თუ კომპანიის დამფუძნებელმა დივიდენდის სახით გაიტანა 8000,00 ლარი (ანუ დაბეგვრის ობიექტი), მაშინ დასაბეგრი თანხა იქნება 8000,00/0,85=9411,74 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი იქნება 9411,74*15%=1411,76 ლარი.

აღნიშნულ მაგალითში არ უნდა დაგვავიწყდეს გადახდის წყაროსთან დაკავება გადასახდელი თანხის 5%-ის და ასევე გადახდა/დეკლარირება.

ვინ არის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული?

მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:

· 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით;

· არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება;

· თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით;

· ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება);

· მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

· ასევე საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შეღავათები.

როდის ხდება მოგების გადასახადის დეკლარირება და მოგების გადასახადის გადახდა?

მოგების გადასახადის დეკლარირება უნდა მოხდეს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში ხორციელდება მოგების გადასახადის გადახდაც. აღსანიშნავია რომ, კომპანიას თუ არა აქვს კონკრეტულ თვეს მოგების გადასახადის ვალდებულება, თუმცა მონიშნული აქვს საინფორმაციო გრაფაში მოგების დეკლარირება, ვალდებულია წარადგინოს ნულოვანი დეკლარაცია.

Kudos Georgia-ს შესახებ

ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.

კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.