სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაახლოებით 160 000 დოლარის ღირებულების 7 ავტომობილს შეიძენს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთო ჯამში დაახლოებით 160 000 დოლარის ღირებულების 7 ახალ ავტომობილს შეიძენს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის თაობაზე მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუმარტა, 6 ავტომობილი განკუთვნილია პროექტების მართვის სააგენტოსთვის, ხოლო ერთი - ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის და თითოეული მანქანის ღირებულება დაახლოებით 15 000 დოლარია, რასაც საგარანტიო პერიოდის ჯამური ღირებულება ემატება.

"მოგეხსენებათ, არსებობს ახალი წესი, რომელიც განკარგავს ავტომობილების ფლობის პირობებს. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიტანეთ დამატებით 6 ავტომობილის შესყიდვის თხოვნა. ეს გახლავთ პროექტების მართვის სააგენტოსთვის. როგორც იცით, ძალიან ბევრი ახალი საწარმოა და შესაბამისად სჭირდება მონიტორინგი. გარდა ამისა, დამატებით 1 ავტომობილი განკუთვნილია ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვგეგმავთ. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ერთი მანქანის ნაკლებობა და ვთვლით, რომ აუცილებელია შევსება. ეს არის მესამე კატეგორიის ავტომობილი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.