რამდენი ბაღი და სპორტული დარბაზი ითხოვს სესხის სუბსიდირებას - „აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღება დასრულდა

„აწარმოე საქართველოში“ სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მეორე ეტაპისთვის განცხადებების მიღება უკვე დასრულდა.

როგორც სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, სულ მიღებულია 62 განაცხადი, პასუხი კი სავარაუდოდ, 5 ივლისისთვის იქნება ცნობილი.

,,ჯამში სულ შემოსულია 62 განაცხადი და ყველა განაცხადი გადაგზავნილია ბანკებთან. უკან მიღებას და განხილვის დასრულებას მათი მხრიდან უკვე ველოდებით. ამის შემდეგ, ორშაბათს ჩვენ დავიწყებთ ჩვენი კრიტერიუმების გათვალისწინებით თითოეული განაცხადის განხილვას. ამას დასჭირდება 5 სამუშაო დღე.

ამ ეტაპზე არ გვაქვს გაფილტრული კატეგორიზიაცია, რამდენია აქედან სპორტული დარბაზი და რამდენია საბავშვო ბაღი“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ დავით ჯანჯალიამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის მეორე ეტაპის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 2 ივნისს დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

თამარ მუკბანიანი