FedEx-ის მომავალი წლის პროგნოზი მუშახელის დეფიციტის გამო გაუარესდა

მიწოდების გლობალური კომპანია FedEx-ის აქციები 4%-ით გაუფასურდა. თითო აქციის ფასი 13,31 დოლარით, გაფართოებულ ვაჭრობაში კი 290,38 დოლარამდე დაეცა. სააგენტო Reuters ამის მიზეზად თანამშრომლების დაქირავების სირთულეებს ასახელებს, რამაც უოლ-სტრიტზე მომავალი წლის მოგების პროგნოზიც შეამცირა. მემფისში ბაზირებული კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ფრედ სმიტი აცხადებს, რომ FedEx საკმარისი რაოდენობის თანამშრომლებს ვერ პოულობს.

ფინანსური დირექტორის, მაიკ ლენცის თქმით, მუშახელის უკმარისობის მაჩვენებელია კომპანიაში "მაღალი ხელფასები და დაბალი პროდუქტიულობა, რაც ფინანსური წლის საერთო პროგნოზზეც აისახება". FedEx-ში მოელიან, რომ მომავალი წლისთვის მოგება აქციაზე 18,90-დან 19,90 დოლარამდე ექნებათ, რაც Refinitiv-ის ანალიტიკოსების მიერ შეფასებული საშუალო მაჩვენებელზე ანუ 20,37 დოლარზე ნაკლებია.

Convey-ის მონაცემებით, FedEx დროულ მიწოდებაში ჩამორჩება როგორც კონკურენტ კომპანია United Parcel Service (UPS)-ს, ისე აშშ-ს საფოსტო სამსახურს.

„პერსონალთან დაკავშირებული პრობელემების გამო ბოლო დროს მომსახურების დონე ჩვენს მაღალ სტანდარტებს აღარ შეესაბამება. იმის გამო, რომ კომპანია, მაგალითად, ამანათების დამმუშავებელ მუშახელს ვერ პოულობს, ზეგანაკვეთური ხარჯები იზრდება და არაადეკვატური საქმიანობის რეგიონებში ამანათებს ვიშორებთ,“- აცხადებს ოპერაციების მთავარი დირექტორი რაჯ სუბრამანიამი. ფირმამ ახლახან სატვირთო გადაზიდვები 1400 კლიენტისთვის შეაჩერა, რათა მთელი სიმძლავრით ამუშავებულ ქსელზე დატვირთვა შეემცირებინა.

ფინანსურ დირექტორ ლენცს იმედი აქვს, რომ უახლოეს 2-3 თვეში FedEx სამუშაო რესურსის პრობლემას მოაგვარებს, რადგან კომპანია სადღესასწაულო მიწოდების პიკური სეზონისთვის ემზადება.

პანდემიამ ისე გაზარდა მოთხოვნა ამანათების მიწოდებასა და სატვირთო მომსახურებაზე, რომ FedEx და მისი კონკურენტი, UPS-ს ბიზნესის ზოგირთ მიმართულებას ვერ აუვიდნენ და მათზე უარის თქმა მოუწიათ. 31 მაისს დასრულებულ მეოთხე კვარტალში FedEx-ს შემოსავლებისა და მოგების მოსალოდნელზე ოდნავ მეტი ზრდა ჰქონდა. წინა ფინანსური წლის მეოთხე კვართტალთან შედარებით, მისი კორექტირებული სუფთა მოგება თითქმის გაორმაგდა და 1,36 მლრდ დოლარი გახდა, თითო აქციაზე კი მოგებამ 5,01 დოლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავალი 30%-ით, 22,6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ