Nike-ის პროგნოზით, ახალი ფინანსური წლის შემოსავალი 50 მლრდ დოლარს გადააჭარბებს

სპორტული სამოსის მსოფლიო ბრენდ Nike-მა მიმდინარე ფინანსური წლის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელმაც უოლ-სტრიტის მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. კომპანიის აქციები 13%-ით გაიზარდა. ორეგონის შტატის ქალაქ ბივერტონში ბაზირებული კომპანია Nike-ის პროგნოზით, მომავალი წლის შემოსავალი 50 მლრდ დოლარს გადააჭარბებს მაშინ, როცა Refinitiv-ის ანალიტიკოსები 48,46 მლრდ დოლარის შემოსავალს პროგნოზირებენ. კომპანიაში მოელიან, რომ მომავალი ფინანსური წლის პირველ ნახევარში შემოსავლები, მეორესთან შედარებით, უფრო მეტად გაიზრდება.

ბოლო ფინანსური წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 31 მაისს დასრულდა, ძირითად ბაზარზე, აშშ-ში Nike-ის შემოსავალი გაორმაგდა და 5,38 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 4,31 მლრდ დოლარის საშუალო მაჩვენებელს აღემატება. წინა ფისკალურ წელთან შედარებით, მთლიანი მარჟა 8,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45,8 % გახდა მაშინ, როცა Refinitiv-ის ანალიტიკოსები მთლიანი მარჟის 43,96%-მდე ზრდას პროგნოზირებდნენ.

ჩინეთი კომპანიის სწრაფად მზარდი ბაზარია, თუმცა ფინანსური წლის ბოლო კვარტლის მონაცემებმა მოლოდინი არ გაამართლა. თუ ჩინეთში 2,22 მლრდ დოლარის შემოსავალს მოელოდნენ, მან მხოლოდ 1,93 მლრდ დოლარი შეადგინა. საქმე ისაა, რომ Nike, სამოსის სხვა კომპანიებთან ერთად, როგორიცაა Adidas და H&M, ჩინეთის სოციალურ ქსელებში თავდასხმის ობიექტი გახდა. ეს მას მერე მოხდა, რაც მარტში Nike სხვა უცხოურ კომპანიებს შეურთდა და პროვინცია სინცზიანში ბამბის პლანტაციებზე ადგილობრივი მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მონური შრომა გააპროტესტა.

31 მაისს დასრულებულ ბოლო კვარტალში Nike-ის სუფთა მოგებამ 1,51 მლრდ დოლარი შეადგინა, აქციაზე კი მოგება 0,93 დოლარი იყო მაშინ, როცა წინა წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ 790 მლნ დოლარით, თითო აქციაზე კი 0,51 დოლარით იზარალა.

მთლიანი შემოსავალი, წინა ფინასნურ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 12, 34 მლრდ დოლარს მიაღწია. Refinitiv-ის ანალიტიკოსები აქაც შედარებით ნაკლებს, 11,01 მლრდ დოლარს, ანუ თითო აქციაზე 51-ცენტიან მოგებას პროგნოზირებდნენ.

Nike-ის წარმატების მიზეზი ისაა, რომ ფსონს ონლაინ გაყიდვებსა და პოპულარული საქონლის შეზღუდული რაოდენიბის სტრატეგიაზე დებს.

„სახლში დარჩენის შეზღუდვის გამო, წელიწადზე მეტი ხნით შინაური ტანსაცმლისა და პიჟამოს ტარების შემდეგ, სწრაფი ვაქცინაციის წყალობით, მომხმარებლები სირბილსა და ლაშქრობას დაუბრუნდნენ, ამიტომ საქმიანობის ტემპს კიდევ უფრო მოვუმატებთ,“ - აცხადებს Nike-ის ფინანსური დირექტორი მეთიუ ფრენდი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ