მომავლის სასტუმრო-მატარებლები - ამბიციური პროექტი ევროპაში

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი გარემოსდამცველი კომპანია გამოვიდა თვითმფრინავებით სარგებლობის აკრძალვის ინიციატივით.

მათი თქმით, თუნდაც ერთი განხორციელებული ავიარეისი გარემოს ძალიან აბინძურებს. ისინი პლანეტის მოსახლეობას მოუწოდებენ, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში გადაადგილების ალტერნატიული გზა მონახონ.

CNN-ის ინფორმაციით, 2 ფრანგ ახალგაზრდას აქვს საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შორ მანძილზე გადაადგილებისათვის ალტერნატიული გზა მოვნახოთ, თანაც მგზავრობა სასიამოვნო და კომფორტული იყოს.

ადრიენ ამონტმა და რომაინ პაიეტმა გასულ წელს სტარტაპი და ვებგვერდი KissKissBankBank დააარსეს, სადაც საკუთარი გეგმა დეტალურად აქვთ ახსნილი.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დღესდღეობით რკინიგზისა და მატარებლის პოტენციალი კარგად არ არის გააზრებული შორ მანძილზე გადაადგილებისთვის.

მათი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში სარკინიგზო კომპანიები ხარჯების შემცირების ფონზე ფასების დაწევას ცდილობდნენ, თუმცა ნაკლებად კომფორტული პირობების გამო მსურველების რაოდენობა არ გაზრდილა.

ახალგაზრდების გეგმის მიხედვით, სავსებით შესაძლებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მატარებლის ერთიანი სისტემის შექმნა, რომლის ცენტრიც პარიზი, საფრანგეთი იქნება და გადაადგილებას ისეთი შორი მიმართულებითაც შეძლებს, როგორიცაა პორტუგალია, იტალია თუ დანია.

მათი თქმით, აუცილებელია მატარებლის კაბინების პირობების გაუმჯობესება, რათა ისინი „სასტუმროები რელსებზე“ გახდეს, რათა რამდენიმესაათიანი მგზავრობა კომფორტული იყოს.

კომფორტული საწოლების მეშვეობით ისინი დასვენებასა და გამოძინებას შეძლებენ, მომდევნო დილით კი უკვე ახლა ქვეყანაში იქნებიან.

ამასთან, თითოეულ მატარებელს რესტორანი, ბარი და მომსახურების ცენტრი ექნება.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თვითმფრინავის გადაადგილების უსწრაფეს ტრანსპორტად მიჩნევა მხოლოდ ილუზიაა, რადგან თუნდაც 1-საათიან ფრენას წინ რიგში დგომა, კონტროლის გავლა, შემოწმება და სხვა პროცედურები ელის. ეს კი საბოლოო ჯამში 4-5 საათი გრძელდება.

იდეის ავტორები ახლა სხვადასხვა კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მათი თქმით, ღამის მატარებლები მუშაობას 2024 წლიდან დასავლეთ ევროპის დიდ ქალაქებში დაიწყებენ.