კონტეინერების დეფიციტი თურქეთს ჩინური პროდუქციის კონკურენტს ხდის

კონტეინერების გლობალური დეფიციტი ჩინეთიდან საქონლის ტრანსპორტირების ღირებულებას გაზრდის. ასეთ პროგნოზს პორატალი EastFruit აკეთებს და ვარაუდობს, რომ ცალკეული ქვეყნები სატვირთო მარშრუტებს თურქეთის სასარგებლოდ შეცვლიან, რომელსაც შედარებით ეფექტიანი ლოგისტიკურ შესაძლებლობები აქვს.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, კოვიდპანდემიის ახალი შტამების გამო პორტები შეფერხებით მუშაობენ, რამაც დასატვირთი კონტეინერებით პორტების მომარაგებას პრობლემები შეუქმნა. ამდენად, მკვეთრად გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფებიც: წლის დასაწყისში აზიიდან ევროპაში კონტეინერებით ტვირთის გადატანის საფასური 2000 დოლარიდან 10 000 დოლარით გაიზარდა. ლოგისტიკური ხარჯების ზრდის გამო, პრობლემები წარმოიშვა საერთაშორისო ვაჭრობაში. ყველაზე მეტად ევროპა დაზარალდა, რომელიც საქონლის იმპორტს ჩინეთიდან ეწევა.

საერთაშორისო გადამზიდავების ასოციაციის სტრატეგიისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფატიჰ შენერი აცხადებს, რომ ჩინეთიდან სატვირთო ხარჯების ზრდა თურქეთისთვის უპირატესობებს ქმნის. მისივე თქმით, თურქეთში წარმოებულ საქონელს ჩინეთიდან ევროპაში შეტანილი საქონლისთვის კონკურენციის გაწევის შანსი ეძლევა.

„თუ ჩინეთიდან ევროპაში შემავალ საქონელს თურქი კონკურენტი გაუჩნდება, თურქული საქონლის შეძენა უფრო იაფი და მომგებიანი იქნება, რადგან ჩინური საქონელი გაძვირდება,” - აცხადებს ფატიჰ შენერი.

მისი თქმით, ეს ასევე, ხელს შეუწყობს თურქული საქონლის კონკურენტუნარიანობის ზრდას შიდა ბაზარზე. შენერის მონაცემებით, ბოლო დროს ჩინეთიდან საქონლის გადაზიდვა ან შეფერხებით ან საერთოდ არ ხდება.

„ჩინეთიდან ევროპის ბაზრის მწარმოებლებისთვის ე.წ. ნახევარფაბრიკატის გვიან მიტანა წარმოების ხარჯებს ზრდის. შეფერხებები წარმოებას ხელს უშლის. თურქეთს ამ დარგშიც აქვს უპირატესობა: ქვეყნები, რომლებიც ნახევრად მზა საქონელს ადრე ჩინეთიდან ყიდულობდნენ, ახლა თურქეთისკენ მიემართებიან. დასავლურმა სამყარომ, რომელიც გლობალური კრიზისის გამო, საქონლის მომარაგებაში სირთულეებს განიცდის, ვექტორი თურქეთისკენ მიმართა და ეს პროცესი დაწყებულია,“ - აცხადებს შენერი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ