იაფი სახლები იტალიაში - რა რეალობა ხვდებათ სახლის ახალ მეპატრონეებს იტალიის ქალაქებში

უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც იტალიის არაერთმა პატარა სოფელმა თუ ქალაქმა უჩვეულო პროექტი წამოიწყო - ისინი დასახლებების სრულიად დაცლისა და გაუკაცრიელების თავიდან ასაცილებლად ახალმოსახლეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.

მათი შეთავაზებები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მიზანი ყველას ერთი აქვს. მათ სურთ, იტალიის სამხრეთში შედარებით ღარიბი რეგიონების პატარა დასახლებები სრულიად არ დაიცალოს და ახალი სიცოცხლე დაიბრუნონ.

თუმცა საინტერესოა, არის თუ არა რეალურად ასეთი განსაკუთრებული შეთავაზებები სინამდვილე და რამდენად შესაძლებელია დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის მსგავსი სახლების შეკეთება?

ამ კითხვებზე საპასუხოდ CNN ერთი ასეთი ისტორიით დაინტერესდა, სადაც სახლის ახალი მფლობელი იმ უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებზე საუბრობს, რომლებიც მას სახლის შეძენის შემდეგ დახვდა.

როი პატრიკი 67 წლის ბრიტანელი მამაკაცია, რომელმაც იტალიაში მოგზაურობის დროს პატარა სოფელი Carrega Ligure აღმოაჩინა, სადაც სულ 12 ადამიანი ცხოვრობდა. მამაკაცი ძალიან მოიხიბლა მაღალმთიანი სოფლის ლამაზი პეიზაჟებით და გადაწყვიტა სახლი შეეძინა.

სოფლის მერმა (გამგებელმა) მას სპეციალური პირობების მიხედვით ყოფილი სკოლის შენობა 16 500 აშშ დოლარად შესთავაზა, რაც შენობის ფართობიდან გამომდინარე ძალიან დაბალ ფასს წარმოადგენს.

პატრიკმა მაშინვე გადაწყვიტა სახლის შეძენა და პანდემიის მიუხედავად, ბოლო 2 წლის განმავლობაში სახლის შესაკეთებლად იტალიაში თითქმის ყოველ თვეს ჩადიოდა.

სირთულეები

პატრიკი იხსენებს, რომ შენობის პირველი დათვალიერების შემდეგ შოკირებული იყო თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში იყო ის.

თავდაპირველად მან სოფლის მერთან ერთად სახლის გაღება სცადა, თუმცა კარი ჩახერგილი იყო და იძულებულები გახდნენ ფანჯრიდან შესულიყვნენ.

მისი თქმით, სახლის შეკეთებას და მოწყობას ძალიან დიდი თანხა დასჭირდა. გამოსაცვლელი იყო კარ-ფანჯარა, სახურავი და იატაკი. ამასთან, თითქმის სრულიად გამოუსადეგარი იყო ავეჯი და ყველაფრის თავიდან ყიდვა მოუწია.

სოფელთან ახლოს არ არსებობს ბარები, სუპერმარკეტები, მაღაზიები და რესტორნები. ამის გამო პატრიკი იძულებულია ავტომობილით ათობით კილომეტრი გაიაროს.

„აქაური პირობებიდან გამომდინარე ავტომობილის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. უახლოეს მაღაზიამდე მისასვლელად კი ციცაბო გზების გავლა გიწევს, რაც რისკებთანაა დაკავშირებული.“- აცხადებს როი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ის გადააწყდა სარემონტო სამუშაოებისთვის, საჭირო მაღაზიისა და მუშახელის ნაკლებობა იყო. მას თავად უწევდა შორ მანძილზე წასლა მასალების საყიდლად და სამუშაოები მთლიანად თვით ჩაატარა.

დადებითი მხარეები

„ადგილობრივები ძალიან მეგობრულები არიან და ცდილობენ ყველაფერში დაგეხმარონ, ახალი ადამიანის გამოჩენა მათ ძალიან ახარებთ. სახლის შეკეთების დროს ისინი დახმარებას ყოველთვის მთავაზობდნენ“-აცხადებს პატრიკი.

შენობის ისტორიდან გამომდინარე პატრიკმა ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი იპოვა. მათ შორისაა, გასული საუკუნის წიგნები და ყოველდღიური მოხმარების ნივთები.

სახლის შესასვლელთან მან საკმაოდ ძველი, რომაული სტილის მოზაიკა აღმოაჩინა, რომლის შესახებაც სახლის შეძენის დროს არ იცოდა.

პატრიკი აცხადებს, რომ სახლის შეკეთების დროს დახარჯული საკმაოდ დიდი ფულისა და ენერგიის მიუხედავად შედეგით კმაყოფილია და ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს- კარგად გაიაზრეთ რა გელოდებათ აქ. არ გქონდეთ იმის ილუზია, რომ კარგად მოწყობილი, მდიდრული სასახლე დაგხვდებათ. თუმცა აქაური ბუნება იმდენად ლამაზია, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს“-ამბობს პატრიკი.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210331181044-carrega-ligure-c-valentina-bozzini-1624631138.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210617200450-uk-buyer-carrega-furnished-school-house-on-sale-before-restyle-c-comune-carrega-1624631153.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210617200512-uk-buyer-carrega-road-to-the-house-c-comune-carrega-1624631164.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210617200727-uk-buyer-carrega-patricks-restyled-house-c-roy-patrick-1624631178.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210617200846-uk-buyer-carrega-connio-house-original-kitchen-c-patrick-1624631193.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210617201234-carrega-house-before-1624631207.jpg

ბექა ბერიაშვილი