ქეთევან დუმბაძე პრემიერს - შეგვიძლია თუ არა გვქონდეს იმედი, რომ 2022 წელს არა მხოლოდ აღდგება კულტურისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი, არამედ გაიზრდება კიდეც?

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ქეთევან დუმბაძის განცხადებით, პანდემიის გამო კულტურის სფერომ განსაკუთრებული დარტყმა მიიღო და ეს ყველაზე მეტად თავისუფალ ხელოვანებს შეეხოთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დუმბაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა და დაინტერესდა არსებობს თუ არა პოსტ-პანდემიური გეგმა, რომელიც კულტურის მოღვაწეთა ხელშეწყობას გაითვალისწინებს.

დეპუტატის მეორე კითხვა კულტურის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ეხებოდა.

როგორც ქეთევან დუმბაძემ აღნიშნა, კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი გასაზრდელია.

„წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი, სასიხარულო ფაქტით დაიწყო, როდესაც კულტურა ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა. დასრულებულია რეორგანიზაცია, ჩამოყალიბებულია პრიორიტეტები და თითქმის ყოველ დღე ცხადდება კონკურსები. მაგრამ ბიუჯეტი ძალიან მცირეა. შეგვიძლია თუ არა გვქონდეს იმედი, რომ 2022 წელს არა მხოლოდ აღდგება კულტურისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი, არამედ გაიზრდება კიდეც, მითუმეტეს, როცა ძალიან ბევრი პრიორიტეტული პროექტი არის დასაფინანსებელი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო მიმართულებით, მითუმეტეს, როცა 2024 წელს, ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს და ეს პირდაპირპროპორციულად აისახება კულტურის სფეროზეც“, - განაცხადა დუმბაძემ.