პარლამენტის ბიუროს ხვალ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომელიც შეზღუდვების გამო დაჯარიმებული პირების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარლამენტის ბიუროს 28 ივნისის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვით, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

გარდა ამისა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალქე და ბიზნესი დაზარალდა. ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი და აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.