შოთა ბურჯანაძე მოითხოვს, რომ რესტორნებს 50 კაცამდე ქორწილების და ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ოფიციალურად მიეცეთ

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მოითხოვს, რომ რესტორნებს 50 კაცამდე ქორწილების და ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ოფიციალურად მიეცეთ. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, არაოფიციალურად რესტორანებში 50-კაციანი ქორწილები მაინც იმართება, ამიტომ, მიიჩნევს, რომ ამან რეგულარული სახე უნდა მიიღოს.

„დღეს-დღეობით, ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი ფაქტი, სადაც ქორწილები, „ივენთები“ იმართება, ირღვევა კანონი და რა თქმა უნდა, ამის კონტროლი არ არის. ამ ვითარებში, ვჩაგრავთ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს იცავენ, არ იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“. ამ შემთხვევაში, რომ გავაერთიანოთ ეს დისბალანსი, უნდა დავუშვათ 50 კაცამდე ქორწილების და „ივენთების“ გამართვის შესაძლებლობა, რომელიც ზოგადად დააბალანსებს ვითარებას. უნდა იყოს მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ის რეგულაციები, რომელიც საჭიროა. ჩვენი მოთხოვნა ასეთია, იქ სადაც არალეგალურად უკვე კეთდება 200-250 ადამიანზე სუფრა, ეს ყველასთვის ლეგალურად იყოს შესაძლებელი - 50-კაციანი ქორწილის და „ივენთის“ ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ რესტორნებს, - აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც კარგად ჩანს ქუჩებში, რესტორნებსა და სასტუმროებში, დარტვირთულია რეგიონები.

„მაგრამ თუ ამ სიტუაციას არ ექნება ხელშეწყობა იმ მხრივ, რომ დაცული იქნას რეგულაციები, ისევ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც 2020 წელს ვიყავით. ამის გამოსწორება შესაძლოა ვაქცინაციამ შეძლოს. ამ შემთხვევაში აღარ აღმოვჩნდებით იმ ვითარებაში, რომელშიც ვიყავით. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ ვაქცინა იქნას შეძენილი და ისე გაკეთდეს მენეჯმენტი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანი, რომელიც მეორე ვაქცინას იკეთებს, პრობლემები არ ჰქონდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.