პანდემიისას მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ მარაგები ნაადრევად ამოგვეწურა - რა ღირს „ბედნიერი თხების“ ყველი, რომლის ასორტიმენტიც ფართოვდება

„ბედნიერი თხების“ ყველის ასორტიმენტი ფართოვდება.

საუბარია ლეჩხუმში შექმნილი კოოპერატივის ტიპის თხების ფერმაზე, სადაც ამ დროისთვის 12-მდე სახეობის ყველი იწარმოება. თუმცა, როგორც „გვესოს ფერმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კბილაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ჩამონათვალს სულ მალე რბილი სახეობის ყველიც დაემატება.

მისი თქმით, კოოპერატივს პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა არა თუ არ უგრძვნია, პირიქით, პროდუქტზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ მარაგები ნაადრევადაც კი ამოიწურა.

რაც შეეხება „ბედნიერი თხების“ ყველის ღირებულებას, 55-დან 80 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, "გვესოს ფერმა“ დაახლოებით, 3 წლის წინ ლეჩხუმში შეიქმნა, სადაც გამორჩეული გემური თვისებების 12-მდე დასახელების ყველი იწარმოება. როგორც რუსუდან კბილაშვილი ამბობს, ეს არის მთლიანად ბიო პროდუქტი, რომელიც „ბედნიერი თხების“, ანუ საძოვრებზე გაშვებული, ქართული ჯიშის შინაური ცხოველის რძისგან მზადდება. წარმოების პროცესში კი ისეთი სანელებლები ემატება, როგორიცაა: როზმარინი, წიწაკა, ჭინჭარი და ა.შ., რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

„ჯერჯერობით, ახალი პროდუქტები არ დაგვიმატებია, თუმცა ახლა ვფიქრობთ, რბილი რამდენიმე სახეობის ყველის დამატებას. აქამდე მხოლოდ მყარი ყველი გვქონდა. სავარაუდოდ, ახალი პროდუქტები ბაზარზე ერთ თვეში გამოჩნდება.

რაც შეეხება გაყიდვების არეალს, სუპერმარეკეტებზე ისევ არ გვაქვს გათვლა, ძირითადად, აგრო პროდუქტების და ნიშურ მაღაზიებზე ვმუშაობთ. თუმცა, პარტნიორების რიცხვი გაიზარდა და თბილისში უკვე 7 მაღაზიაა, სადაც ჩვენი პროდუქტები იყიდება. გარდა ამისა, პარტნიორი გვყავს ქუთაისში და ბათუმში, ასევე, ონლაინ მაღაზიებში იყიდება აქტიურად“, - განაცხადა რუსუდან კბილაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის რეალიზაცია საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, ექსპორტზე ფიქრი ნაადრევია.

„ახლა უკვე რესტორნებზე მეტად აქცენტი ნიშურ და აგრო პროდუქტების მაღაზიებზე გვაქვს. პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა არ გვიგრძვნია, პირიქით მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ მარაგები ნაადრევად ამოგვეწურა.

ფასიც არ შეგვიცვლია, 1 კგ „ბედნიერი თხების“ ყველის ღირებულება სახეობების მიხედვით, 55-დან 80 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ექსპორტს, ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ისედაც მაღალი მოთხოვნა“,- ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

ნინი ქეთელაური