„ვინც ბაღები გააშენა, ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ და არ იცოდნენ სოფლის მეურნეობის სპეციფიკა“ - მიზეზები, რის გამოც მაყვლის მწარმოებლებმა ბაზარი დატოვეს

გასულ წელს მაყვლის 150 მწარმოებლიდან 30-მა ადგილობრივი ბაზარი დატოვა, ან ბაღს აღარ უვლის. ამის შესახებ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც ფერმერი და ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილი „ბიზნესპრესნისუთან“ საუბრისას განმარტავს, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, პრობლემები იყო, როგორც სარწყავი სისტემის, ისე რეალიზაციის კუთხით. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცოდნის არქონა გახდა. იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ფერმერების ნაწილი, ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ და არ იცოდნენ სოფლის მეურნეობის სპეციფიკა, შესაბამისად, ბაღების მოვლა ვეღარ შეძლეს.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რეალიზაცია გაჭირდა შარშან. ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნა ჭარბი პროდუქცია, გატანა არ გვქონდა, არ იყო ხარისხი, იმდენად, რამდენადაც, არ იყო კარგად მოვლილი ბაღები. ნაყოფი დაზიანდა მწერებისგან. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მაყვლის მოკრეფა, მუშახელის დეფიციტი იყო.

ზოგიერთ შემთხვევაში და მათ შორის ჩემთანაც, შეიქმნა წყლის ნაკლებობა. სარწყავი სისტემა არ გვაქვს, დაზიანდა. შემდეგ მილები შეცვალეს, მაგრამ დღესაც ფაქტობრივად, წყალი არ გვაქვს. ამ კუთხით ხელშეწყობა არ არის.

გარდა ამისა, აქ მთავარი პრობლემა მაინც ის იყო, რომ ფერმერებს ეგონათ, მარტივი იქნებოდა მოვლა. ძალიან დიდი პროცენტი, ვინც ბაღები გააშენა, ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ და არ იცოდნენ სოფლის მეურნეობის სპეციფიკა, მიწა არ ჰქონდათ ნანახი. აღმოჩნდა, რომ თურმე, მოკრეფაც უნდა, მუშახელიც უნდა, სიცხეში მუშაობაც და გასხვლაც, რაც უკვე ვეღარ შეძლეს“,- ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლების ნაწილი ბაზარს ტოვებს, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მაყვალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რის გამოც წარმოების შემცირებას საფრთხე არ ემუქრება.

„ჩემი აზრით, წარმოება მაინც არ შემცირდება იმდენად, რომ რამე სერიოზული დეფიციტის წინაშე დავდგეთ. იმიტომ, რომ პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია. დღესაც ორ შემსყიდველთან მქონდა კომუნიკაცია. ველოდებით, რუსეთის რეგულაციების გარკვევას, რომ იქ გავიტანოთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს „გლობალ გეპის“ სერთიფიკატი და ამ ეტაპზე, ევროპაში ვერ გავალთ“,- აცხადებს იზოლდა ქიტესაშვილი.

ნინი ქეთელაური