კახა კალაძე - ჩამოვყალიბდით ერთ რამეზე, მხოლოდ ზედაპირული პროექტის განხორციელება და ფასადურად რაღაცის გაკეთება, ჩვენთვის მიუღებელია

ჩამოვყალიბდით ერთ რამეზე, მხოლოდ ზედაპირული პროექტის განხორციელება და ფასადურად რაღაცის გაკეთება, ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი შეფასებით, თბილისის ბევრ რაიონში ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან სერიოზული პრობლემაა და ის ძირფესვიანად უნდა მოგვარდეს.

„რეალობაა ის, რომ თბილისის ძალიან ბევრ რაიონში, კონკრეტულ უბნებში გვაქვს სერიოზული პრობლემები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები, არ არსებობს არანაირი სანიაღვრე სისტემა, რომელიც ასევე პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ამ კონკრეტულ უბნებსა და ქუჩებში ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია, ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და რაიონებში, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, ჩამოვყალიბდით ერთ რამეზე, მხოლოდ ზედაპირული პროექტის განხორციელება და ფასადურად რაღაცის გაკეთება, ჩვენთვის მიუღებელია. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ სადაც შევდივართ, ინფრასტრუქტურული სამუშაობის თვალსაზრისით გვინდა, რომ ყველაფერი ძირფესვიანად იყოს მოწესიგებული, მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, წყლის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაკიდებული. ყველაფრის ჩატანა უნდა მოხდეს მიწის ქვემოთ და უნდა განახლდეს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება აუცილებლად მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს.

„ძველი თბილისი არის ის მიმართულება, რომელსაც პირადად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც დანგრეულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ეს არის ის საგანძური, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოხდეს მათი განახლება და რეაბილიტაცია“,-განაცხადა კალაძემ.