რუსეთმა ქართული ხილისთვის ევრაზიული კავშირის ბერკეტი აამოქმედა - ხდება თუ არა ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზარი არასტაბილური

ქართული ხილისა და ბოსტნეულის ბაზარზე რამდენიმე დღეა, პანიკა შეიმჩნევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეიდან ძალაში შევა რუსეთის ფედერაციის კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ. უნდა გაიცვალოს ინფორმაცია ამ სფეროს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოებთან, რომლებიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო დამუშავების სფეროში სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფენ. ამასთან, მოხდება რუსეთის ფედერაციაში იმპორტისთვის განკუთვნილი მცენარეული პროდუქციის შემოწმება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არ არიან. შემოწმება მოხდება წარმოების ადგილებში, თუ რამდენად დაცულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების სავალდებულო მოთხოვნები.

ინფორმაციას ძირითადად ტრეიდერები ავრცელებენ, რომლებიც საექსპორტო ტვირთებს რუსეთში გასატანად ამზადებენ. ისინი ჩივიან, რომ ბაზარზე გაურკვევლობის გამო, ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის ექსპორტი შეჩერებულია.

„შედეგად, მთავარ საექსპორტო პროდუქტებზე, მოცვსა და ატამზე ფასები შემცირდა, არადა ახლა სეზონის პიკია, რადგან ცივი გაზაფხულის გამო ამ ხილის სეზონი გვიან დაიწყო,“ - წერს პორტალი EastFruit.

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის სეზონი წინა კვირას დაიწყო. 1 კგ ვაშლატამა, რომელიც ატმაზე უფრო მოთხოვნადია, 1,8-2 ლარის (0,57-0,64 დოლარის) ნაცვლად, 1,30-1,50 ლარად (0,40- 0,48 დოლარად) იყიდება. მისი ფასი სულ რაღაც ორ დღეში დაეცა.

„წელს ფერმერები უკეთეს ფასებსა და დიდ მოთხოვნას ელოდებოდნენ, რადგან ამ წლის ექსპორტის პროცესში 36 სამაცივრე მეურნეობა მონაწილეობს, გასულ წელს კი მხოლოდ 23 მაცივარი მუშაობდა,“ - წერს პორტალი.

დაეცა, ასევე, მოცვის ფასიც. EastFruit-ის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობები, სადაც საექსპორტო ტვირთები მზადდება, 1 კგ მოცვს მხოლოდ 9,50 ლარად (3 დოლარად) იბარებენ. ფასი შემცირდა არა მხოლოდ გაურკვევლობის გამო, არამედ რუსეთის ბაზარზე სერბი მწარმოებლების შესვლის გამოც. საქართველოდნ 1 კგ მოცვის საექსპორტო ფასი 5-5,50 დოლარია.

რუსეთის ახალი რეგულაციების შესახებ EastFruit-ს ინფორმაცია სამინისტროს რამდენიმე ოფიციალურმა წყარომ დაუდასტურა, მაგრამ ჯერ არავინ იცის დეტალები, თუ რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ქართული საექსპორტო ხილი და ბოსტნეული და როგორ მოხდება ამ პროდუქციის ინსპექტირება. ადგილობრივი ფერმერების თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთიდან ლაბორატორიული ანალიზისთვის პროდუქციის ნიმუშები უკვე აიღეს, მაგრამ ტესტების დეტალები და მათი დანიშნულება უცნობია.

პორტალის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან 9,279 ტონა ატმის, 16,016 ტონა ვაშლატამასი და 663 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციიდან ექსპორტის შემოსავალმა 21 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო მოცვის ექსპორტიდან 3,7 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. რუსეთის ფედერაციაში ატმის ექსპორტიდან საქართველოს სავალუტო შემოსავლის 80% მოდის, მოცვის ექსპორტიდან კი - 95% .

მოამზადა ლადო სულაბერიძემ