ნათია თურნავა - საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შედის. საუბარია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტზე, რომელიც ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებით კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპის გამოცხადება განახლებული დიზაინითა და პირობებით მოხდება, რომელიც ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდაზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, განახლებული პირობებით პროექტების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. „პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყალიბდება არა მხოლოდ კინოპროდუქციის ერთჯერადი გადაღების წერტილად, არამედ კინოპროდუქციის მრავალჯერადი წარმოების პლატფორმად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის განახლებასთან ერთად საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის ითვალისწინებს. ეს იქნება დიდი მიღწევა, რადგან ესაა მუდმივი სამუშაო ადგილების წყარო. ეს არის ჩვენთან, საქართველოში კინოინდუსტრიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პლატფორმა და გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო მექანიზმი ტურისტების მოზიდვისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.