გაზაფხულის ყინვებმა ფრანგ ფერმერებს მოცვის მოსავლის 70% დააკარგვინა

საფრანგეთში, ბორდოსა და ლაკანოს შორის მდებარე მეურნეობა Les Jardins Bio du Médoc, დაახლოებით, 30 ჰექტარ მოცვის პლანტაციას ამუშავებს, რომელიც 2018 წლიდან ორგანული გახდა.

„3 წლის წინათ ხელახლა დარგვა დავიწყეთ, რომ მედოკის რეგიონიდან ჯანსაღი, მაღალი ხარისხის ფრანგული მოცვი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის. ბუნებრივია, ჩვენ მივიღეთ ორგანულობის სერთიფიკატი, რომელიც ხარისხთან დაკავშირებით ჩვენს გრძელვადიან მიდგომას შეესაბამება,“ - განუცხადა Les Jardins Bio du Médoc-ის მენეჯერმა, ჟოსელინ ჟონკურიმ პორტალ FreshPlaza-ს.

კომპანია ძირითადად, საფრანგეთის ბაზარზე გადის სუპერმარკეტების, ორგანული პროდუქტების მაღაზიებისა და საბითუმო მოვაჭრეების მეშვეობით. ჟოსელინ ჟონკური ამბობს, რომ მოცვისთვის მთავარი ფაქტორი განსხვავებულობაა.

„სუპერმარკეტების თაროებზე ბევრი პროდუქტია, ამიტომ საკუთარი განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა, ბაზარს ყველასგან განსხვავებული პროდუქტი შესთავაზოთ. სწორედ ეს არის ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ ჩვენი ადგილობრივი და ორგანული პროდუქტებით. ვფიქრობთ, რომ კოვიდის კრიზისის შემდეგ „საფრანგეთში წარმოებულ" პროდუქტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. ადგილობრივ დონეზე კარგი პროდუქტის მეტი მოხმარების სურვილი გაჩნდა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ფრანგები მზად არიან, შედარებით მეტი თანხა გადაიხადონ თავიანთ ქვეყანაში მოყვანილ პროდუქტში. გარდა ამისა, ფრანგული კენკრა ესპანურის შემდეგ მოდის და პოლონურ-გერმანული მოცვის მოსავალს უსწრებს,“ - აცხადებს ჟოსელინ ჟონკური.

FreshPlaza-ის მონაცემებით, ჟირონდისა და ლანდეს რეგიონებში მოცვის მოსაყვანად საუკეთესო პირობებია და ფრანგული წარმოების ორი-მესამედი სწორედ იქ მოდის. თუმცა გაზაფხულის ყინვებმა ფერმა Les Jardins Bio du Médoc მეტად დააზარალა.

„მოსავალმა დაიგვიანა, რადგან პირველი ყვავილები მოყინა. მოსავლის აღებას ამ კვირაში ვიწყებთ და ორი თვის ნაცვლად, მხოლოდ ერთი თვე დაგვჭირდება. სავარაუდოდ, მოსავლის 70% დავკარგეთ. ყინვა წარმოებისთვის რეალური პრობლემაა, რომელიც სულ უფრო ხშირად მეორდება, ამიტომ უახლოეს წლებში თავდაცვითი ზომების შესწავლა მოგვიწევს,“ - აცხადებს მეურნეობის მენეჯერი. მისი მონაცემებით, 1989 წელს, დაარსების დღიდან ორგანულ წარმოებაზე გადასვლამდე, მეურნეობამ მხოლოდ ორჯერ განიცადა ყინვა, ბოლო პერიოდში კი 2019 და 2021 წლებში, უკვე ორჯერ მოყინა, რამაც მცენარეებზე სერიოზული გავლენას იქონია.

2022 წლისთვის მეურნეობა გეგმავს, მოცვი ნულოვანი პლასტმასის შემცველობის ყუთით შეფუთოს.

„ჩვეულებრივ პროდუქტებთან შედარებით, ორგანული პროდუქციის ნულოვანი პლასტმასის შეფუთვაზე მოთხოვნა გაცილებით მეტია. ამჟამად ამ საკითხზე ვმუშაობთ და მთელი რიგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მოცვი ისეთი ხილია, რომლის გარეგნობაც მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ უნდა შემოვიღოთ მუყაოს შეფუთვა ნახვრეტით, რომელშიც მომხმარებელს შესაძენი პროდუქტის ნახვის საშუალება ექნება,“ - აცხადებს ჟოსელინ ჟონკური.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ