გაქირავების გლობალური პლატფორმები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

Bloomberg Businessweek-ის გამოძიების შედეგად გამოვლენილი ფაქტების შემდეგ, რაც გაქირავების ვებგვერდ Airbnb-ის დაჯავშნებში კრიმინალურ ფაქტებს ეხებოდა, იმავე პროფილის პლატფორმა TripAdvisor-მა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაიწყო. ამასთან, Expedia Group-ის კუთვნილმა პლატფორმა Vrbo-მ, რომელიც მოკლევადიანი გაქირავების ბიზნესს ეწევა, მეპატრონეებს სახლის გასაღების გარეთ ან საზოგადოებირვ ადგილებში დატოვება აუკრძალა.

Bloomberg Businessweek-ის გამოძიებაში აღწერილი იყო 29 წლის ავსტრალიელი ტურისტი გოგოს გაუპატიურების ფაქტი, რომელმაც ბინა Airbnb-ს პლატფორმაზე Times Square-ის სიახლოვეს იქირავა. ფაქტი 2015 წელს, საახალწლო დღეებში მოხდა. გასაღები მეპატრონეს ახლომდებარე მაღაზიაში ჰქონდა დატოვებული, საიდანაც ის გოგონამ პირადობის დამდასტურებელი მოწმობის წარდგენის გარეშე გამოიტანა. თავდამსხმელმა როგორღაც გასაღების დუბლიკატი მოიპოვა და ერთ დღეს ბინაში გოგონას დაბრუნებას დაელოდა.

Expedia-ს ახალი უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც კომპანიამ გასულ კვირას შემოიღო, კრძალავს გასაღების დატოვებას იქ, სადაც „სახლის მეპატრონე, უძრავი ქონების მენეჯერი ან პერსონალი არ იმყოფება.“

TripAdvisor-ის წარმომადგენელმა, ბრაიან ჰოიტმა სააგენტო Bloomberg-ს განუცხადა, რომ მათი კომპანიაც მუშაობს სტუმრებისთვის გასაღების გადაცემის წესების განახლებაზე. მისი თქმით, ამ ცვლილების გარდა, TripAdvisor უსაფრთხოების სხვა ზომების შემოღებასაც აპირებს.

Airbnb-ს წარმომადგენელმა ბენ ბრეითმა სააგენტოს განუცხადა, რომ 2019 წელს კომპანიამ წესები გაამკაცრა, რათა გასაღების უსაფრთხო გადაცემა უზრუნველეყო. მისი თქმით, უსაფრთხოების პოლიტიკას კომპანია რეგულარულად აახლებს.

ნიუ-იორკის შტატის სენატორი, რომელიც მანჰეტენის მიდთაუნისა და ისტსაიდის რაიონებს წარმოადგენს, აცხადებს, რომ Airbnb-ს, Vrbo-ს და მსგავსი პორტალების მომხმარებლებს მოკლევადიან დაჯავშნაში „უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გააჩნიათ და დაუცველები არიან.“

„მე შემიძლია, სასტუმროს წესები დავუდგინო, მაგრამ ჩემს ქალაქში იმავე წესების დაწესება Airbnb-ს მსგავსი საიტებისთვის არ შემიძლია. წარმოუდგენლად მაბრაზებს, როცა სიტუაციის მძევალი ვხდები, როცა მსურს ცუდი საქციელის აღმოფხვრა, მაგრამ ფედერალური კანონის გამო ხელები შეკრული მაქვს. ამ კანონით, ადგილობრივ ხელისუფლებას კომპიუტერული კომპანიების რეგულირების უფლება არ გააჩნია,“ - აცხადებს სენატორი.

Airbnb-ს მსგვსმა გაქირავების კომპანიებმა არაერთხელ დაამტკიცეს სასამართლოში, რომ ადგილობრივი კანონები, რომლებიც მოკლევადიან გაქირავებებს არეგულირებს, ციფრულ პლატფორმებს არ ეხება. ასეთ პლატფორმებს 1996 წელს მიღებული კომუნიკაიცების მოწესრიგების შესახებ კანონის 230-ე მუხლი იცავს. მაგალითად, Airbnb-ს შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურების გასაჩივრება კონფიდენციალურ არბიტრაჟში ხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ