„ქართველი ფერმერები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად, რომ რუსეთის ბაზარზე რაიმე შეფერხება იქნება“

„ქართველი ფერმერები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად, რომ რუსეთის ბაზარზე რაიმე შეფერხება იქნება“, - ამის შესახებ შპს „მოცვის“ დამფუძნებელმა ზვიად მირიანაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის რუსეთის მიერ შემოღებულ რეგულაციებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ ქართული ხილისთვის ევრაზიული კავშირის ბერკეტი აამოქმედა.

კერძოდ, 29 ივნისიდან ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ. შესაბამისად, უნდა გაიცვალოს ინფორმაცია ამ სფეროს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოებთან, რომლებიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო დამუშავების სფეროში სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფენ.

ამასთან, მოხდება რუსეთის ფედერაციაში იმპორტისთვის განკუთვნილი მცენარეული პროდუქციის შემოწმება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არ არიან. შემოწმება მოხდება წარმოების ადგილებში, თუ რამდენად დაცულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების სავალდებულო მოთხოვნები.

ინფორმაციას ძირითადად ტრეიდერები ავრცელებენ, რომლებიც საექსპორტო ტვირთებს რუსეთში გასატანად ამზადებენ. ისინი ჩივიან, რომ ბაზარზე გაურკვევლობის გამო, ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის ექსპორტი შეჩერებულია.

როგორც ზვიად მირიანაშვილი ამბობს, მის კომპანიას ექსპორტის კუთხით პრობლემები არ შეჰქმნია და მეტიც, კანონის ამოქმედების პერიოდშიც კი, 25 ტონა მოცვი რუსეთში გაიტანა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „მოცვს“ აქვს საერთაშორისო, „გლობალ გეპის“ სტანდარტი, თუ რუსეთის ბაზარი ჩაიკეტება, მისთვის ევროპაში პროდუქციის გატანაც არ წარმოადგენს სირთულეს.

„ჩვენ წელს, ისევე როგორც ყველა სხვა ფერმერმა, შედარებით გვიან დავიწყეთ მოსავლის აღება. ამინდიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში დროისთვის რუსეთში ექსპორტირებული გვაქვს დაახლოებით, 90% ლურჯი მოცვი. პროდუქტის მწარმოებლები სავარაუდოდ, 2 კვირაში უკვე დაასრულებენ მოსავლის აღებას.

რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას, ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ, რომ ჩვენს კომპანიას რაიმე შეფერხება ჰქონდა ექსპორტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირის ბოლოს უკვე პანიკამ მოიცვა ექპორტიორები და ფერმერები, აღნიშნულ ბრძანებულებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება რუსეთში შესული პროდუქციის კონტროლს, ჩვენ ორშაბათს მაინც განვახორციელეთ ერთი დატვირთული მანქანის ექსპორტი. გარდა ამისა, დღეს ვტვირთავთ მეორე მანქანას, ანუ რეალურად, ამ ინფორმაციის შემდეგ ჩვენ კიდევ შევძლებთ დაახლოებით 25 ტონამდე მოცვის რეალიზაციას რუსეთის ბაზარზე.

ამ კანონის მიღება მოხდა 2020 წლის ბოლოს, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა ფერმერებისთვის, გასული 6 თვის განმავლობაში, თუნდაც იმისთვის, რომ ფერმერებიც უკეთ მომზადებულიყვნენ.

რაც შეგვეხება ჩვენ, გაგვაჩნია როგორც „გლობალ გეპის“, ისე „გრასპის“ სერთიფიკატები და არ ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, თუმცა რა თქმა უნდა, ექსპორტს ვახორციელებთ რუსეთშიც, შესაბამისად, თუ აქ მოხდება რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება და ერთიანად ჩაიკეტება ბაზარი, ჩვენ მაინც შევძლებთ ჩვენი პროდუქციის გატანას ევროპაში. თუმცა ჩვენ აქ დიდი როლს არ ვთამაშობთ, რადგან საქართველში წარმოებული ლურჯი მოცვის მთლიან მოცულობაში, ჩვენი წილი მცირეა. მე ვფიქრობ, ქართველი ფერმერები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად, რომ რუსეთის ბაზარზე რაიმე შეფერხება იქნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში და კანონის გამკაცრებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან კონტროლი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს ბაზარზეც აქტუალური უნდა იყოს. იმიტომ, რომ ხშირად, არაკეთილსინდისიერი ფერმერები იყენებენ პესტიციდებს და მცენარეთა დაცვის ისეთ საშუალებებს, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში, ან თუნდაც არ აკონტროლებენ დოზირებას. შესაბამისად, ეს პროდუქცია არა მარტო რუსული ბაზრისთვის შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას, არამედ ქართულისთვისაც“,- განაცხადა ზვიად მირიანაშვილმა.

ნინი ქეთელაური