„საქსტატი“ - 2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა

2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 229.2 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სტატისტიკის 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.57 მილიონი ადამიანი (68.9 %), რაც 2.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„2020 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.87 მილიონი (50.1 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.4 პროცენტით და 1.36 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 36.5 %) შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.