„სექტორი რეანიმაციაშია, აპარატზე მიერთებული და ამ დროს ეუბნებიან, რომ მაკიაჟს საჭიროებს“ - როგორც მიდის HACCP-ის სისტემის დანერგვა კვების ობიექტებში

სექტორი რეანიმაციაშია, აპარატზე მიერთებული და ამ დროს ეუბნებიან, რომ მაკიაჟს საჭიროებს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ხმალამოღებული არ არის და რბილი მეთოდებით მიდის HACCP-ის სისტემის სტანდარტიზება.

ცნობისათვის, საცალო ვაჭრობის პუნქტებში საკვების მწარმოებლებს 1-ლი ივნისიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწიათ. სტანდარტის დანერგვა სავალდებულო გახდა სარესტორნო ბიზნესისთვისაც.

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, კოტე გაბრიჩიძე ,,ბიზნეპსრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სექტორი ისედაც იცავდა სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმებს, ამიტომ, კოვიდ რეალობაში HACCP-ის სტანდარტის დანერგვა გაუგებარია.

„10 წელიწადზე მეტია, ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან წარმატებით ვთანამშრომლობთ, ვნერგავთ სანიტარიისა და ჰიგიენის სტანდარტებს და ეს საკმაოდ მაღალ დონეზეა. HACCP-ი ჩემი აზრით, უფრო ახირებაა. აშშ-ში შეიქმნა, „ნასასთვის“ კოსმოსში წასაღებ საკვებზე როცა იყო პრობლემა. ახლა ეს რამდენად დროული და რელევანტურია ქართულ კოვიდ რეალობაში, სიმართლე გითხრათ ჩემთვის გაუგებარია.

კარგია ის, რომ სახელმწიფო ხმალამოღებული არ არის და რბილი მეთოდებით მიდის HACCP-ის სისტემის სტანდარტიზება. თვითონ მათაც ესმით, რომ 1 თვეში დანერგვა გამორიცხულია. თავად ბაზარზე კი ამან გაურკვევლობა გამოიწვია.

ჩვენი სექტორი ახლა რეანიმაციაშია, აპარატზე მიერთებული და ამ დროს, ეუბნებიან, რომ არც ისე კარგად გამოიყურება და მაკიაჟს საჭიროებს. კოვიდმა სექტორი ისედაც დააზარალა და გადავრჩებით, თუ არა, ისევ გაურკვეველია“, - განუცხადა ,,ბიზნეპრესნიუსს“ გაბრიჩიძემ.

ცნობისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. პერიოდულად კი ემატებოდა და მოიცვა ყველა საკვების მწარმოებელი და რეალიზაციის სექტორი.

თამარ მუკბანიანი