გლობალური საშემოსავლო გადასახადის 15%-იან მინიმუმს 130 ქვეყანა ემხრობა, მათ შორის ოფშორული ზონებიც არიან

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების პარიზის ორგანიზაციამ, ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ გლობალური კორპორატიული ტრანსასაზღვრო გადასახადის 15%-იან მინიმუმს მხარს უჭერს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ს ადმინისტრაციის ინიციატივას მთლიანობაში 130 ქვეყანა ემხრობა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 15%-იანი გლობალური საშემოსავლო გადასახადი ყოველწლიურად მსოფლიო ეკონომიკას 150 მლრდ დოლარს მოუტანს. მომხრე 130 ქვეყნის წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში 90%-ზე მეტია.

„ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოგებას ნახავენ, ამ მოგების სამართლიან გადასახადს თავს ვეღარ დააღწევენ და შედარებით დაბალი გადასახადების მქონე სხვა იურისდიქციებში შემოსავალს ვეღარ დამალავენ,“ - განაცხადა თეთრი სახლის პირველმა პირმა, ჯო ბაიდენმა.

ინიციატივას უპირობოდ ჩინეთიც მიემხრო და როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, შეთანხმება პეკინის მიმართ არანაირ გამონაკლისს არ გულისხმობს.

გლობალური კორპორატიული გადასახადი ქვეყნებს საშუალებას აძლევს, იმ კორპორაციებისგან, რომლებიც უფრო დაბალი გადასახადის ქვეყნებიდან შემოდიან, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე დაუწესონ.

შეთანხმების ტექნიკურ დეტალებს ოქტომბერში განიხილავენ, რომ ახალი წესები ძალაში 2023 წლისთვის შევიდეს.

9 ქვეყანამ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. ესენია: ირლანდია, ესტონეთი, უნგრეთი, რომლებიც ევროკავშირში დაბალი გადასახადებით გამოირჩევიან, ასევე, პერუ, ბარბადოსი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, შრილანკა, ნიგერია და კენია. Reuters-ის შეფასებით, ამ სახელმწიოფებს იზოლაციის საფრთხე ემუქრებათ, რადგან ხელშეკრულებას არამხოლოდ მსხვილი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა, არამედ ისეთი „საგადასახადო თავშესაფრები“ შეუერთდნენ, როგორიცაა ბერმუდის, კაიმანისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები.

ირლანდიას უცხოური კომპანიებისთვის 12,5%-იანი ტრანსასაზღვრო საშემოსავლო გადასახადი აქვს დაწესებული, რითიც ბევრი ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაციის მიზიდვა მოახერხა, ამიტომ გადასახადის 15%-მდე გაზრდა ხელს არ აძლევდა და შეთანხმებას არ შეუერთდა.

ევროკავშირში შეთანხმების დასრულებისთვის კანონის მიღება მოუწევთ, რაც ბლოკში 2022 წელს საფრანგეთის თავმჯდომარეობას ემთხვევა. კანონის მიღებას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც შეთანხმებას არ უერთდება, ჩვენს გვერდით დადგეს,“ - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერმა.

15%-იანი საშემოსავლო გადასახადი შეეხება ყველა იმ გლობალურ კომპანიას, რომლის ბრუნვაც 750 მლნ ევროზე (889 მლნ დოლარზე) მეტია. ახალი წესები გადასახადების სამართლიანი გადანაწილებისკენ არის მიმართული, რადგან ციფრული ვაჭრობის გაჩენიდან მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალება მიეცათ, მოგება დაბალი გადასახადების ქვეყნებში დაეფიქსირებინათ იმის მიუხედავად, თუ სად გამოიმუშავეს ის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ