IT სერვერებზე გლობალური კიბერშეტევა ისტორიაში პირველად განხორციელდა -  კვალი ისევ რუსეთისკენ მიდის

2 ივლისს მსოფლიო ისტორიში ყველაზე მსხვილი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც ჰაკერებმა გამომძალველი პროგრამებით ფართოდ გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა ჩაიგდეს ხელში. როგორც „როიტერი“ წერს, საქმე ეხება მაიამიში ბაზირებულ პროვაიდერ Kaseya-ს, რომლის ინსტრუმენტს, სახელწოდებით „VSA“-ს IT-სპეციალისტები სერვერების, სამაგიდე კომპიუტერების, ქსელური მოწყობილობებისა და პრინტერების სამართავად იყენებენ.

ჰაკერებმა VSA ინსტრუმენტი შეცვალეს, შემდეგ კი ამ პროვაიდერის, დაახლოეებით, 200 მომხმარებლის ფაილები ერთდროულად დაშიფრეს და ელ-ფოსტებით მილიონობით დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს.

გუშინ კი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა განსცა განკარგულება, რომ სპეცსამსახურებმა გამოიძიონ, თუ ვინ დგას გლობალური ჰაკერული თავდასხმის უკან. კიბერუსაფრთხოების ფირმა Huntress Labs რუსულ კიბერბანდა Revil-ს ადებს ხელს. გასულ თვეს FBI-მაც იგივე ჯგუფი ხორცის გადამამუშავებელ გლობალურ კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა.

„ჯერ ზუსტად არ ვიცით, ვინ დგას ამ კიბერშეტევვის უკან. საწყის ეტაპზე გვეგონა, რომ ეს რუსეთის მთავრობა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერჯერობით დარწმუნებული არ ვართ. თუ ეს რუსეთის ორგანიზებით ან გავლენით არის გაკეთებული, აშშ შესაბამისად უპასუხებს და მე ამის შესახებ პუტინი ჟენევაში გავაფრთხილე,“ - აცხადებს ბაიდენი.

Huntress-ის უფროსი კიბერგამომძებელი ჯონ ჰამონდი მიიჩნევს, რომ „ეს მიწოდების ჯაჭვზე მიტანილი კოლოსალური და დამანგრეველი შეტევა იყო.“ ვარაუდობენ, რომ კიბერშეტევისთვის პარასკევი სპეციალურად იქნა შერჩეული, რადგან უქმე დღეებში, დაწესებულებებში თანამშრომლების დაბრუნებამდე, ჰაკერები გამომძალეველ ვირუსს უფრო სწრაფად გაავრცელებდნენ.

ერთობლივ განცხადებაში FBI-მ და აშშ-ს კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქურის უსაფრთხხოების სააგენტომ მთელ მსოფლიოში Kaseya-ს მომხმარებლებს რისკების შესამცირებლად VSA სერვერების გათიშვისკენ მოუწოდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ