გათამაშებები, აქციები, უძრავი ქონების შეძენა - სქემები, რომლითაც ინტერნეტთაღლითების მსხვერპლი შეიძლება გახდეთ

ჩვენი ფინანსების უკანონოდ დასაუფლებლად ინტერნეტთაღლითები მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ. იმდენად მრავალფეროვანს, რომ შეიძლება, თავის დაცვა მასაც კი გაუჭირდეს, ვინც პირადი მონაცემების უსაფრთხოების შესახებ საკმარის ინფორმაციას ფლობს.

თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფიშინგი, რომლის მსხვერპლიც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს.

ფიშინგი ყალბი ვებგვერდების მეშვეობით მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვას ნიშნავს, რაც კრიმინალებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პირის ფულს უკანონოდ დაეპატრონონ. უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა გათამაშებაში, კონკურსსა და აქციაში მონაწილეობის მისაღებად ყალბ ვებგვერდზე საბანკო ანგარიშის, ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლისა თუ ელექტრონული საფულის მონაცემების შეყვანას გვთხოვენ, რისი გაკეთების შემდეგაც ჩვენ მახეში ვებმებით.

pishing12-1625468622.jpg

რა სცენარით შეიძლება მოვტყუვდეთ?

სცენარი 1

თაღლითები ბიზნესკომუნიკაციისთვის ხშირად იყენებენ WhatsApp-სა და Viber-ს. ეს პირველი დეტალია, რამაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს. თუმცა, ისინი გარწმუნებენ, რომ შენ მიერ განთავსებული ნივთის/ქონების შეძენა სურთ და წინასწარ აპირებენ თანხის ნაწილის, ე.წ. B-ს ჩარიცხვას.

შენი ნდობის მოპოვების შემდეგ თაღლითები ფინალურ ეტაპზე გადადიან და იმისთვის, რომ ფული ჩაგირიცხონ, ანგარიშის ნომრის ნაცვლად შენგან ითხოვენ:

· საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს;

· CVV კოდს, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული;

· ბარათის მოქმედების ვადას;

· ბარათის 2-ვე მხარეს სურათის გადაღებას და გაგზავნას;

· ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას.

აღნიშნული მონაცემების სხვისთვის გაზიარების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით ბანკს და შეატყობინეთ მომხდარის შესახებ. გახსოვდეთ, რომ საბანკო ანგარიშთან დაკავშირებული დეტალები მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ და დაუშვებელია მისი მესამე პირისთვის გაზიარება.

სცენარი 2

ზემოთ აღწერილი სიტუაცია ერთადერთი ხერხი არაა, რომელსაც თაღლითები მიმართავენ. მათ უფრო დახვეწილი სქემებიც აქვთ და ყოველთვის ბარათის მონაცემების გადაგზავნას არ ითხოვენ.

· მაგალითად, ისინი ხშირად აგზავნიან საქართველოს ფოსტის ყალბ ლინკს, სადაც ბარათის მონაცემების და კვლავ ერთჯერადი კოდების შეყვანას გთხოვენ.

· თაღლითები ირწმუნებიან, რომ რადგან შესყიდული საქონელი ფოსტით უნდა მიიღონ, ამიტომ შენი პირადი ინფორმაცია ამ საეჭვო და ყალბ საიტებზე უნდა შეიყვანო.

სცენარი 3

· გათამაშება - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სცენარი, რასაც თაღლითები ჩვენს ფინანსებზე წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.

· მაგალითად, მიმზიდველი გათამაშებით გთხოვენ ავტორიზაციას და სანაცვლოდ კი ძვირადღირებული ტექნიკის მოგების შანსს გთავაზობენ.

· ყალბ გვერდზე ავტორიზაციის შემდეგ კი ეუფლებიან მოტყუებული ადამიანების ფინანსებს.

· ყოველთვის დაუკავშირდით ბანკს თუ სხვა პროფილის კომპანიას და გადაამოწმეთ, რეალურად ატარებს თუ არა ამგვარ გათამაშებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ მასში მონაწილეობა.

სცენარი 4

· ბრენდ ამბასადორი, რომელიც კოსმეტიკას, ტანსაცმელსა და აქსესუარებს უფასოდ მიიღებს. თქვენ პირველი არ ხართ, ვისი „ინსტაგრამ“ გვერდიც სამკაულების რომელიმე „კომპანიას“ მოეწონა და გადაწყვიტა, ბრენდ ამბასადორობა შემოეთავაზებინა, სანაცვლოდ კი თავის პროდუქციას უფასოდ გამოგიგზავნიდათ. შემდეგ მოგცათ ვებ-გვერდის ბმული, სადაც აარჩიეთ სასურველი სამკაული, შეავსეთ თქვენი მისამართი და აღმოაჩინეთ, რომ ტრანსპორტირების საფასურია გადასახდელი, რისთვისაც საბანკო მონაცემების შეყვანა გჭირდებათ.

pishing3-1625468752.jpg

· მას შემდეგ, რაც საბანკო მონაცემებს შეიყვანთ და „ტრანსპორტირების თანხა“ ჩამოგეჭრებათ, „კომპანიის“ გვერდი გბლოკავთ და რა თქმა უნდა, არც დაპირებული ნივთები ჩამოდის.

· ყოველთვის სიფრთხილით მოეკიდეთ ამგვარ შემოთავაზებებს, რადგან თაღლითები მხოლოდ იმას ელოდებან, როდის შეცდებით.

სცენარი 5

· ელექტრონული კომერციის გაყალბებული გვერდები. გადაწყვიტეთ, ელექტრონული კომერციის ვებგვერდიდან ნივთი გამოგეწერათ და „გუგლში“ მოძებნეთ მაგალითად, Aliexpress.com. საძიებო სისტემაში მოძებნილი ვებგვერდი მართლაც გამოჩნდა, თუმცა არ დააკვირდით, რომ Aliexpress.com-ის ნაცვლად, Aliexpresi.com წერია. დიახ, ვებგვერდის სახელი მცირედითაა შეცვლილი, რომ სიჩქარეში აგერიოთ და გამოწერილი ნივთის თანხა უნებლიედ თაღლითებს ჩაურიცხოთ.

pishing4-1625468802.jpg

· ასეც ხდება, არჩევთ პირობითად ტელეფონის ჩასადებს, გადადიხართ შეძენის ეტაპზე და შეგყავთ საბანკო ანგარიშის მონაცემები.

· სამწუხაროდ, წინა შემთხვევების მსგავსად, თაღლითებს თქვენს ფულზე წვდომას აძლევათ.

· ამგვარი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, შეამოწმეთ ვებმისამართი. სასურველია, მის დასახელებაში არ აღმოჩნდეს შეცდომა ან ვებმისამართი სწორად იწყებოდეს. მაგალითად, სწორია https:// ან “shttp://-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ მისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი სიმბოლო. დააჭირეთ ბოქლომის ღილაკს და შეამოწმეთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ეს იმ სქემების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ინტერნეტთაღლითები მოტყუებული ადამიანების თანხებს ეუფლებიან, ამიტომ არცერთი შემოთავაზების შემთხვევაში, არცერთ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემები იმპულსურად არ შეიყვანოთ, სანამ მის სანდოობაში არ დარწმუნდებით.

ინტერნეტთაღლითობისგან ყველაზე ეფექტური თავდაცვის საშუალება ინფორმირებულობაა. ჩვენს მიერ გაზიარებულ პირად მონაცემზე პასუხისმგებლობა ჩვენს მხარეზეა.