„თუ დამისახელებს ბატონი პრემიერი, ვინ ადგენს ათწლიან გეგმას, უფრო გასაგები იქნება, რა გეგმაზეა ლაპარაკი“

„ათწლიან გეგმას იმ შემთხვევაში დავუჭერ მხარს, თუ დამისახელებენ მათ გვარ-სახელებს, ვინც ათწლიან გეგმას ადგენს,“- ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პრემიერის მიერ წარდგენილ განვითარების 10-წლიან გეგმას.

„ათწლიან გეგმას იმ შემთხვევაში დავუჭერ მხარს, თუ დამისახელებენ მათ გვარ-სახელებს, ვინც ათწლიან გეგმას ადგენს. ათწლიან გეგმაში სხვადასხვა მიმართულებაა. უნდა ვიცოდეთ, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე რომელი ჯგუფი მუშაობს, რომელი ჯგუფია პასუხისმგებელი ინდუსტრიაზე, რომელი - სამშენებლო სფეროზე და ასე შემდეგ... თუ დამისახელებს ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომ ათწლიანი გეგმის ავტორები არიან ესენი და ესენი, უფრო გასაგები იქნება, რა გეგმაზეა ლაპარაკი. გეგმის ავტორები უნდა იყვნენ იმდენად ძლიერი სპეციალისტები, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემთხვევაშიც ამ გეგმას არავინ შეეხოს.

იმდენად სწორი, ფუნდამენტური ნა­შრომი უნდა იყოს, ანგარიშგასაწევი მეცნიერებისა და პროფესიონალების დამუშავებული, რომ ვინც გნებავთ მოვიდეს ხელისუფლებაში, უნდა მოერიდოს მის შეცვლას. აი, მაშინ იქნება ქვეყანა განვითარებული. თუ მარტო ერთი პიროვნება, ირაკლი ღარიბაშვილი დადებს ამ გეგმას, ჩათვალეთ, რომ შემდეგი ვინც ხელისუფლებაში მოვა, გადახაზავს და დაიწყებს ნულიდან. შესაბამისად, ათწლიანი გეგმის შედგენა შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის შემდგი.

როდესაც წიგნს ვყიდულობთ, ჯერ ავტორს ვკითხულობთ და შინაარსს მერე ვეცნობით. ფილმში თუ ბრედ პიტი თამაშობს, ჩემი საყვარელი მსახიობი, ესე იგი, კარგი ფილმი იქნება,“-განაცხადა ჭყონიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში მთავრობის საქმიანობის გასული წლის ანგარიში და ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მონახაზი წარადგინა.