Samsung-ის მოგება მეორე კვარტალში 38%-ით გაიზარდა

სამხრეთ კორეულმა Samsung Electronics-მა მეორე კვარტალში მოგება 38%-ით გაზარდა. აპრილი-ივნისის პერიოდში კომპანიის ოპერაციულმა მოგებამ 11,3 ტრლნ ვონს (10 მლრდ დოლარს) მიაღწია. ფინანსური კვლევების კომპანია Refinitiv-ის ამ მონაცემებს სააგენტო Reuters ავრცელებს. კვლევაზე 20 ანალიტიკოსი მუშაობდა.

„მახსოვრობის მიკროსქემებისა და სმარტფონების უმსხვილესმა მწარმოებელმა მოგება მიკროსქემების მაღალი ფასებისა და ელექტრონიკაზე მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნის წყალობით ნახა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა იანვარ-მარტთან შედარებით, მე-2 კვარტალში ნაკლები სმარტფონი წარმოადგინა, ეს დანაკლისი ჩიპებზე სტრატოსფერულმა მოთხოვნილებამ აანაზღაურა,“ - წერს Reuters.

შედეგი, პირველ კვარტალთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და 2018 წლის შემდეგ Samsung-ის ოპერაციული მოგებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი გახდა, შემოსავალი კი 15,4%-ით გაიზარდა.

კვლევითი კომპანია Trendforce-ის მონაცემებით, DRAM მიკროსქემა, რომელსაც სერვერებში, მობილურ ტელეფონებსა და სხვა გამოთვლით მოწყობილობებში ფართოდ იყენებენ, წინა კვარტალთან შედარებით, 27%-ით გაძვირდა. ფლეშ-მახსოვრობის მიკროსქემა NAND, რომელიც მონაცემთა შემნახველ ბაზარზე მეტად მოთხოვნადია, 8,6%-ით გაძვირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Samsung-ის მოგება გაუმჯობესდა მიკროსქემების საკონტრაკტო წარმოებისა და ლოგიკური მიკროსქემების დიზაინის ბიზნესშიც. მხოლოდ ამ განყოფილების ოპერაციული მოგება მეორე კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 22%-ით გაიზარდა და 6,6 ტრლნ ვონი (5 მლრდ დოლარი) შეადგინა. ნაწილობრივ ამის მიზეზი ისაა, რომ ქარიშხლის შედეგად დაზიანებული კომპანიის ტეხასის ქარხანა მუშაობას დაუბრუნდა.

Shinyoung Investment & Securities-ის მონაცმებით, გაზრდილი მოგების მიუხედავად, აპრილ-ივნისში Samsung-ის სმარტფონების მიწოდება 59 მილიონამდე შემცირდა მაშინ, როცა პირველ კვარტალში მომარაგება 76 მილიონ ერთეულს შეადგენდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ იანვრის შუა რიცხვებში გამოშვებული ფლაგმანური ბოლო მოდელის გაყიდვები შემცირდა. ამასთან, შემცირდა მოთხოვნა ინდოეთიდან, რომელიც პანდემიამ მეორე კვარტლის პერიოდში მეტად დააზარალა. ზოგიერთი მობილური ტელეფონის პროცესორისთვის ჩიპებზე მოთხოვნა ადრინდელივით დიდი არ ყოფილა. მობილური ტელეფონების ბიზნესში Samsung-ის მე-2 კვარტლის ოპერაციულმა მოგებამ, დაახლოებით, 2,9 ტრლნ ვონი (2,5 მლრდ დოლარი) შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ