აშშ-მ ბელარუსის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა აკრძალა

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ავიამიმოსვლის ბილეთების გაყიდვას კრძალავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამერიკელების გადაწყვეტილება უკავშირდება Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებას, რა დროსაც ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააპატიმრეს.

ტრანსპორტის დეპარტამენტის აკრძალვა, ასევე, ვრცელდება იმ ფრენებზეც, როცა ერთი ავიაკომპანიის მიერ გაყიდული ბილეთით ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს.

Reuters-ის შეფასებით, აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება უფრო სიმბოლურია, რადგან ბელარუსში მგზავრობისთვის ამერიკულ ტურისტულ სერვისებში ცოტა ბილეთია გაყიდული.

საჰაერო ხაზების მფრინავების ასოციაციამ (ALPA) ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

„სამგზავრო თვითმფრინავის აგრესიული და გაუმართლებელი გატაცება ბელარუსის მიერ ვალდებულებების უხეში დარღვევაა, რაც, ასევე, საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება,” - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ დაწესებული ამ ახალი წესის გამონაკლისად შესაძლოა, ჰუმანიტარული და ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზები გახდეს. მანამდე გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ფრენების შეზღუდვა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინტერესებში შედის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ