აშშ-ს სტუდენტურ კამპუსებში Yandex-ის დელივერ-რობოტები გამოჩნდებიან

Reuters-ის ცნობით, რუსული Yandex-ი ამერიკის საუნივერსიტეტო კამპუსების სტუდენტებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების სერვისში უმართავ რობოტებს გამოიყენებს. ამის შესახებ რუსულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ და საკვები პროდუქტების ონლაინ-შეკვეთების კომპანია GrubHub-მა მრავალწლიან პარტნიორობაზე შეთანხმება დადეს.

Yandex-მა ავტონომიური დელივერ-რობოტების დატესტვა 2019 წელს დაიწყო და მოსკოვის ცენტრში ზოგიერთ ადგილას და მიჩიგანის შტატის ქალაქ ანარბორეში აამუშავა კიდეც.

ორი კომპანიის პარტნიორობის ფინანსური პირობები ჯერ არ საჯაროვდება.

„მოხარული ვართ, ათეულობით როვერი ხმარებაში ჩავუშვათ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი თვითმართვადი ტექნოლოგიების აქტიური კომერციალიზაციისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე,“ - აცხადებს Yandex Self-Driving ჯგუფის გენერალური დირექტორი, დიმიტრი პოლიშჩუკი.

დელივერ-რობოტები GrubHub-ის პლატფორმას მიებმებიან და ზოგიერთ საუნივერსიტეტო კამპუსში უკვე შემოდგომისთვის გამოჩნდებიან. GrubHub აშშ-ს 250-ზე მეტ კამპუსთან თანამშრომლობს.

„მაშინ, როცა კოლეჯის კამპუსებში ავტომანქანებით, მითუმეტეს, მიწოდების სერვისის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მეტად ძნელი და შეზღუდულია, Yandex-ის რობოტები ასეთ შეუღწევად ადგილებზე ადვილად მოხვდებიან,“ - აცხადებს GrubHub-ის კორპორატიული და კამპუს-პარტნიორების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, ბრაიან მედიგანი.

დელივერ-რობოტების პროგრამულ საფუძველს იგივე ტექნოლოგია წარმოადგენს, რასაც Yandex თავის თვითმავალ ავტომობილებში იყენებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ