„პროდუქტი იქნება სამგანზომილებიანი“- ძირითადი კომპონენტები, რომელსაც ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა მოიცავს

„პროდუქტი იქნება სამგანზომილებიანი“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გეგმის ფარგლებში, ბიზნესის და წარმოების ხელშეწყობის მიზნით, 10-წლიანი გეგმა მოიცავს - სესხების სუბსიდირებას, კრედიტის საგარანტიო და ასევე, საგრანტო კომპონენტებს.

„გუშინ პრეზენტაციის უდიდესი ნაწილი, რომელიც მინისტრმა გააკეთა, დაეთმო აღდგენის პროგრამებს. წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი ახალი პროგრამები, რომელიც გამიზნულია ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე. კონკრეტულად იპოთეკური სესხების სუბსიდირების ნაწილში, პროგრამის სახეცვლილება მოხდა. განისაზღვრა უფრო ზუსტად მიზნობრივი აუდიტორია, ვისაც შესაძლებელია ეს პროგრამა შეეხოს. შესაბამისად, ეს დარგი რჩება პრიორიტეტულად. იმისთვის, რომ სახელმწიფომ მის სწრაფ აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა, როგორც იცით, გაჩნდა გარკვეული სოციალური კომპონენტი. ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ახლადშეძენილი შვილი ოჯახში, რაც ბუნებრივად იწვევს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“,- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით ცვლილებებია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსების კომპონენტებშიც. კერძოდ, განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსურ ხელშეწყობას მიიღებენ.

„შემოდის თვისობრივად ახალი პროგრამა, უნივერსალური, რომელსაც ექნება მაქსიმალური დაფარვა და ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით, 300-ზე მეტი საქმიანობისთვის, რაც უპრეცენდენტოა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ისტორიაში. რაც შეეხება პროგრამის დიზაინს, შემოგვაქვს ახალი მიდგომა, როდესაც ერთის მხრივ, პროცენტის სუბსიდირება იქნება გარკვეული მონაწილეებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ პარალელურად იქნება სესხის საგარანტიო უზრუნველყოფა. ეს არის კომპონენტი, რომელიც ალბათ, იცით, შარშან აგვისტოში გაეშვა და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ბიზნესების და კომპანიებისთვის სესხების და გარანტიების თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ დარგებს, ეს არის ის პროექტი, სადაც დამატებით გაჩნდა საგრანტო კომპონენტიც.

ტრადიციულად, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები მიმართულია მეწარმეობის განვითარებაზე. ამ შემთხვევაში სტრუქტურული ანალიზი გაკეთდა, სად გვაქვს ექსპორტის პოტენციალი და ასევე, იმპორტის ჩანაცვლების გარკვეული მიმართულებები. კონკრეტულ ციფრებზე გავედით, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ იმ დარგებში, რომელიც ამ კომპონენტში მოხვდება, საექსპორტო პოტენციალი და ექსპორტზე გატანილი პროდუქცია გაორმაგდება. დაახლოებით, 130 მლნ აშშ დოლარით ზრდაზეა საუბარი. ასევეა, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, ე.წ საიმპორტო პროდუქციაზე, სადაც კონკრეტულ დარგზე, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები გვაქვს გაწერილი. ანუ, გარკვეულ მიმართულებებში იმპორტის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდა, რაც მთელ რიგ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში პოზიტიურად აისახება. კრიზისმა არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელზეც უნდა კონცენტრირდეს სახელმწიფო.

დარგები არის კონკრეტულად განსაზღვრული და აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ტურისტული მიმართულებაც მოხვდა, პრიორიტეტულში. მაგალითად, ეკოტურიზმის განვითარება იქნება ის მიმართულება, რომელიც ასევე სესხთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება საგრანტო კომპონენტითაც.

ე.ი. პროდუქტი იქნება სამგანზომილებიანი, ეს იქნება სესხის სუბსიდირება, კრედიტის საგარანტიო დაფარვა და საგრანტო კომპონენტი“,- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ნინი ქეთელაური