„ჩვენ მზად ვართ გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის"

ჩვენ მზად ვართ გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის, - ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მობილიზებული დახმარებიდან 2,3 მილიარდი ევრო გრანტის სახით და დანარჩენი კი პროექტებისა და ინვესტიციების სახით იქნება, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდავენ.

ევროკომისრის განმარტებით, ევროკავშირის მიერ შემუშავებული ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიზანი, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის შემუშავდა, ამ ქვეყნებისთვის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარების გაწევაა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ევროკავშირში მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის. ჩვენ მზად ვართ, გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს ამ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის. 2,3 მილიარდი ევრო იქნება გრანტის სახით და დანარჩენი იქნება პროექტებისა და ინვესტიციების სახით, რომლებსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან.

ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლოს ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს მივეხმაროთ უფრო გამძლე და მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დამყარებაში კოვიდის კრიზისის შემდეგ და ამაზე ჩვენ საქართველოს წინა მთავრობასთან ერთად ვმუშაობდით, ამ მთავრობასთან ერთად ვმუშაობდით, რათა გამოგვეკვეთა მთავარი გამოწვევები, რაც ქვეყანაში არსებობს. ის 5 გარდამტეხი ინიციატივა, რომელიც შეიქმნა საქართველოსთვის, არის ამ თანამშრომლობის შედეგი. ჩვენ არ გვინდა ისეთი რაღაც შემოგთავაზოთ, რაც არ გჭირდებათ, მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ. თქვენთან საუბრისას, ბატონო პრემიერო, დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება და მთავარი სისუსტე ეკონომიკასა და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის არქონა, იქნება ეს გზები და რკინიგზა, იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, იქნება ეს დაკავშირებადობა ელექტრო და ინტერნეტქსელებთან. ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია საქართველოს ეკონომიკა წინ წაიყვანოს და ახალ განზომილებაში გადაიყვანოს. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დაკმაყოფილდება ეს გამოწვევა. დაკავშირებადობა შეიქმნება მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით. გაძლიერდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელს ქვეყანაში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3,9 მილიარდი ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის 1/3 იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე, ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის დახმარების არსებითი დიდი პაკეტი, მაგრამ ეს არის ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის, ეს არის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ სტრუქტურებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოში, რომლებიც შეძლებენ ამ პროგრამის განხორციელებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები შეძლებენ ცვლილების განხორციელებას ადგილზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის დღეიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რეალობა შეიცვლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბიზნესი, ვაჭრობა, მუშაობა, სწორი უნარ-ჩვევების მიღება სურს. ეს იქნება განსხვავებული დღევანდელი დღისგან და იქნება მსგავსი იმის, რაც ჩვენ ევროკავშირში გაგვაჩნია“, - განაცხადა ევროკომისარმა.