Sotheby’s აუქციონზე მსხლის ფორმის უნაკლო ბრილიანტი კრიპტოვალუტაზე გაიყიდება

საერთაშორისო აუქციონის სახლი Sotheby’s პარსკევს, 101,38-კარატიან ბრილიანტს ბიტკოინებსა და ეთერიუმზე გასაყიდად გამოიტანს. სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, ეს კრიპტოვალუტის აღიარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება.

Sotheby’s-ის მონაცემებით, მსხლის ფორმის უნაკლო ბრილიანტს ჰონგ-კონგის აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდვის შემთხვევაში, 15 მლნ დოლარის მოტანა შეუძლია. ეს ყველაზე ძვირად ღირებული ფიზიკური ობიექტია, რომელიც ოდესმე კრიპტოვალუტაზე გაყიდვის მიზნით გამოუტანიათ.

Sotheby’s-ის სიმდიდრის გლობალური განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი, ჯოშ პულანი აცხადებს, რომ ციფრული სფეროს მიმდევარ აზიელ ახალგაზრდებში ძვირფას ქვებზე მოთხოვნა იზრდება.

Bloomberg-ის მონაცემებით, აქამდე Sotheby’s-ის აუქციონზე გამოტანილი ბრილიანტებიდან 100 კარატზე მეტს 10-მდე ძვირფასი ქვა იწონიდა, რომლიდანაც მსხლის ფორმა მხოლოდ 2-ს ჰქონდა. სააგენტოს შეფასებით, აუქციონის სახლები კრიპტოვალუტით ვაჭრობას სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მაგალითად, გასულ წელს კომპანია Phillips-მა ქუჩის მხატვრობის მიმდევარ ბენქსის ნახატი ბიტკოინზე ან ეთერიუმზე გასაყიდად წარმოადგინა. გარდა ამისა, Christie’s-ის აუქციონი თებერვალში ციფრული ნახატების გასაყიდად ეთერიუმის მიღებაზე დათანხმდა.

შვეიცარიის თანამედროვე ციფრული ხელოვნების მუზეუმის არტ-კონსულტანტი, ჯორჯ ბაკი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიებზეა სპეციალიზებული, აცხადებს, რომ აუქციონის სახლების ბევრი ხელმძღვანელი გაკვირვებულია კოლექციონერების დიდი ინტერესით, გადაიხადონ კრიპტოვალუტით.

„გასულ წელს კრიპტოვალუტის არასტაბილური ბაზრის გამო ბევრი ადამიანი სწრაფად გამდიდრდა და ისინი თანხის დასახარჯად მზად არიან. თუკი გსურთ, ხელოვნების სფეროში კონკურენტუნარიანი არტ-დილერი ან აუქციონის სახლი იყოთ, კოლექციონერებს კრიპტოვალუტით გადახდის უფლება უნდა მისცეთ, რაც მეტად მიმზიდველს და ინოვაციურს გაგხდით,“ - აცხადებს ჯორჯ ბაკი. მისი თქმით, მართალია, კრიპტოვალუტაზე ფასები ხშირად იზრდება ან ეცემა, მაგრამ რაიმე სახის არასტაბილურობა აუქციონის სახლებზე იშვიათად აისახება. დიდი ინტერესის მიუხედავად, ჯორჯ ბაკი ნაკლებად მოელის, რომ უახლოეს მომავალში კრიპტო ტრადიციულ ვალუტას ჩაანაცვლებს.

„მე უფრო ასეთ ჰიბრიდულ რეალობაში ვხედავ დიდ პოტენციალს, როცა თქვენი ციფრული საფულის გვერდით ფიზიკური ხელოვნების ნიმუშები თანაარსებობენ. ეს მხოლოდ დასაწყისია და ამიტომ ჯერ სწავლა მოგვიწევს,“ - აცხადებს ბაკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ