პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

დღეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა (Mariusz Maszkiewicz) მოაწერეს ხელი.

„აღსანიშნავია, რომ შეთანხმება საქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, 2006 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

ახალ დოკუმენტში შევიდა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, დივიდენდის, პროცენტის და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები შემცირდა და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ის ოდენობით.

ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიზანია, ხელი შეუწყოს ორ ქვეყნას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.