საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შს მინისტრთან - შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სტატუსით საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მხარეებს შორის როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინე მაჭავარიანი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დროებით საქმეთა რწმუნებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ვიდეოკონფერენციის ბოლოს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტ - „უსაფრთხო ქალაქი - უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.