თურქეთის სახელმწიფო ბანკების რეზერვი ამოწურულია - რას გეგმავს მთავრობა?

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა სახელმწიფო ბანკებში კაპიტალის ხელახალ ინექციას გეგმავს. ამასთან, ბანკებს კონკრეტული გეგმაც სჭირდებათ, რათა უიმედო დავალიანების პრობლემა მოაგვარონ, რადგან კრედიტორებმა კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ანკარისადმი მხარდაჭერის შემდეგ თავიანთი რესურსები ამოწურეს.

„მაშინ, როცა კერძო კომპანიები უფრო კონსერვატიულები აღმოჩნდნენ, სახელმწიფო ბანკებმა გასულ წელს, თითქმის, გააორმაგეს კრედიტების გაცემა, რითიც 720 მლრდ დოლარის ეკონომიკურ ბრუნვას მხარი დაუჭირეს და ვარდნა შეაჩერეს,“ - წერს Reuters.

ამჟამად თურქეთის მთავრობას სურს, კრედიტორები წლის ბოლოსთვის ან მომდევნო წლისთვის კრედიტების კიდევ ერთი მსხვილი გაცემისთვის მოამზადოს, რათა მათ დააკმაყოფილონ მშენებლებისა და სხვა მსესხებლების მზარდი მოთხოვნა პოსტპანდემიურ აღდგენის პროცესში. ამდენად, სახელმწიფო ბანკების ამოწურული კაპიტალი შევსებას საჭიროებს, რეზერვების შევსების საბოლოო ვადა კი სექტემბრის ბოლოა. სწორედ ამ დროისთვის უნდა მოხდეს ყველაზე პრობლემატური სესხების „არასასურველ სესხებად“ (non-performing loans-NPL) კლასიფიკაცია, რომელთა შორისაა მეტად დაზარალებული მომსახურების სექტორი.

მთავრობას კაპიტალის ინექციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. ასევე, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა უქნან ე.წ. მე-2 ეტაპის გადაუხდელ სესხებსა და NPL-ს, რომლის ძირითადი ნაწილი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კრედიტორების ბალანსზეა დარჩენილი.

თურქეთის კეთილდღეობის ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი „ამჟამად კარგ დონეზეა." ფონდში აცხადებენ, რომ „ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ ბანკებს საჭიროების შემთხვევაში.“

2020 წლის დასაწყისში თურქეთის კეთილდღეობის ფონდმა 21 მლრდ ლირის (2.5 მლრდ დოლარის) კაპიტალი ჩადო 3 დიდ სახელმწიფო ბანკში, სანამ მათი სესხები 90%-ით გაიზრდებოდა, მათ შორის პანდემიის შედეგების შემამსუბუქებელი დაბალპროცენტიანი სესხები.

თურქეთის სახელმწიფო ბანკები, დიდი ხარჯების გარდა, 19%-იანი საპროცენტო განაკვეთის გამო ზარალობენ, რაც ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით დააწესა. თავის მხრივ, თურქეთში ინფლაციაც მაღალია. პირველი კვარტლის შედეგებმა აჩვენა, რომ შარშანდელთან შედარებით, Halkbank-ის მთლიანი სუფთა მოგება 93%-ით შემცირდა,Vakifbank-ის 56%-ით, Ziraat Bank-ის კი - 49%-ით.

Reuters-ის მონაცემებით, ბანკების არსებული კაპიტალით ეკონომიკური ზრდა გამორიცხულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ