ივნისში სურსათის ფასები ბოლო 12 თვის განმავლობაში პირველად შემცირდა - FAO

ივნისში საკვებზე ფასები ბოლო 12 თვის განავლობაში პირველად შემცირდა. მონაცემებს გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აქვეყნებს.

FAO-ს ივნისის ინდექსი 124,6 პუნქტზე გაჩერდა, რაც მაისის მაჩევენებელზე 2,5%-ით დაბალია, ხოლო 2020 წლის ივნისთან შედარებით, 33,9%-ით გაიზარდა.

FAO-ს მიხედვით, ფასების კლება მცენარეული ზეთების, მარცვლოვანი და რძის პროდუქტების გაიაფებამ განაპირობა. ამ პროდუქციაზე ფასების კლებამ ხორცისა და შაქრის გაძვირება დააკომპენსირა. ზეთის ფასი 9,8%-ით შემცირდა და ბოლო 4-თვიან მინიმუმზე ჩამოვიდა.

მარცვლოვანი კულტურა 2,6%-ით გაიაფდა, თუმცა 2020 წლის მაჩვენებელს 33,8%-ით აღემატება. სიმინდის ფასი 5%-ით დაეცა, ხორბალზე კი ფასმა უმნიშვნელოდ, 0,8%-ით მოიმატა.

რაც შეეხება რძის ნაწარმს, ამ პროდუქციაზე ფასი 1%-ით არის შემცირებული. მათგან ყველაზე მეტად კარაქი გაიაფდა.

მზარდია შაქრის ფასის იდნექსი, რომელიც ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 0,9%-ით გაიზარდა. მიზეზად ბრაზილიური მოსავლის გამო ბაზარზე შექმნილი გაურკვევლობა სახელდება.

ხორცის ფასმა 2,1%-ით მოიმატა. ეს ტენდენცია უკვე 9 თვეა, გრძელდება. გასული წლის ივნისთან შედარებით, ხორცი 15,6%-ით გაძვირდა, თუმცა 2014 წლის ისტორიულ მაქსიმუმზე 8%-ით ნაკლებია.

კოკა კვირკველია