ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ აფილირებული საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა

საქართველოში სამედიცინო მიმართულებით განათლების მიღება ყოველთვის პოპულარული იყო, რასაც შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველთა ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა ადასტურებს.

მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება და იხვეწება უმაღლესი სამედიცინო განათლება ჩვენს ქვეყანაში და რაზეც ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის „თბილისის ღია უნივერსიტეტთან“ აფილირებაც მოწმობს. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტსა და ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის ექსკლუზიური მემორანდუმის გაფორმება საქართველოსთვის უპრეცენდეტო შემთხვევაა.

თუ ამ დრომდე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტების მთავარ გამოწვევას თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღება წარმოადგენდა, დღეს, ვითარება იცვლება და შესაძლებელი ხდება ორივე მიმართულების შერწყმა, უახლეს სამედიცინო ლიტერატურასა და მიღწევებზე წვდომა, აღიარებული ქართველი და უცხოელი ექიმების მასტერკლასებზე დასწრება, აკადემიური საქმიანობის გაძლიერება და კვალიფიციური კადრებისთვის დასაქმების ხელშეწყობა. ჩამოთვლილ შესაძლებლობებს „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ მედიცინის საერთაშორისო სკოლა იძლევა, რომელიც შემოდგომიდან უკვე ქართველ სტუდენტებსაც მიიღებს.

სამედიცინო განათლების მიმართულებით ახალი მიდგომების დასანერგად „თბილისის ღია უნივერსიტეტმა“ ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სტუდენტებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის. მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ აფილირებული საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა.

sarekkkk-1625811758.jpg

თანამშრომლობის ფარგლებში, მედიცინის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებას ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გაივლიან, გაეცნობიან უახლესი აპარატურის მუშაობის პრინციპებსა და თანამედროვე სამედიცინო გაიდლაინებს, რაც საშუალებას მისცემთ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ.

როგორც „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე განმარტავს, ევექსის 100 000-ლარიან სასწავლო გრანტს მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე წარმატებული 5 აბიტურიენტი, რომელიც „თბილისის ღია უნივერსიტეტში“ ჩაირიცხება. ამასთან, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ექნებათ 3 გარანტირებული ადგილი სარეზიდენტო პროგრამაზე.

„თბილისის ღია უნივერსიტეტის“ მედიცინის საერთაშორისო სკოლაში სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც სტუდენტების საშუალებას აძლევს, ცოდნა და პროფესიული უნარები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

„თბილისის ღია უნივერსიტეტი“ მედიცინის სკოლაში, აქამდე მხოლოდ უცხოელ სტუდენტებს იღებდა, სექტემბრიდან კი აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვას უკვე ქართველი სტუდენტებიც შეძლებენ.

ხშირად გვეკითხებიან, რატომ ინგლისური ენა? - იმიტომ რომ მედიცინაში სიახლეები მუდმივად ხდება. ის იმდენად პროგრესირდება, რომ ჩვენ უახლესი უცხოური ლიტერატურის თარგმნასაც კი ვერ ვასწრებთ. შესაბამისად, მივიღეთ ინგლისურ ენაზე სწავლების გადაწყვეტილება. გარდა ამისა, უცხოელი და ქართველი სტუდენტებისთვის საერთო სასწავლო სივრცის შექმნა კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მთავარი კი ის არის, რომ სტუდენტები მიიღებენ სრულყოფილ თეორიულ ცოდნას, რომელსაც პრაქტიკაში დანერგავენ“, - განმარტა რამაზ კუკულაძემ.

გარდა საბაკალავრო საფეხურის დახვეწისა და განვითარებისა, ივ. ბოკერიას ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, თბილისის ღია უნივერსიტეტი ქმნის სამედიცინო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით მომსახურების განვითარებასა და ინტერდისციპლინარული მენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

univerrr-1625811899.jpg

„ევექსის“ ჰოსპიტალების საუნივერსიტეტო განათლების ხელმძღვანელის თამარ დაუსის განცხადებით, უნივერსიტეტისა და კლინიკის ასეთი მჭიდრო აფილირება მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან პრაქტიკული და თეორიული კურსის შერწყმა მათ პროფესიონალიზმზე დადებითად აისახება.

„კლინიკა წარმოდგენილია მრავალპროფილური სერვისით, შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სერვისს მიმდინარე პროცესში დააკვირდნენ. მედიცინა განვითარებადი დარგია, შესაბამისად, სტუდენტებს მიდგომების ბაზისურადვე შესწავლა სჭირდებათ. პროცესში ჩართულები იქნებიან საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ექიმები, რომლებიც მკურნალობას წარმართავენ უახლესი პროტოკოლებითა და მტკიცებით დაფუძნებულ მედიცინაზე დაყრდნობით, რაც სტუდენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ პროგრამებზე წვდომა ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ეძლევა.

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის“ „თბილისის ღია უნივერსიტეტთან“ აფილირება საბოლოო ჯამში, საქართველოში სამედიცინო სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც დასაქმების ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების შემოსვლასა და მკურნალობის ეფექტურობის გაზრდაში გამოიხატება.

(R)