ევროპარლამენტი - შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება სწრაფად უნდა აღდგეს

ევროპარლამენტის წევრები შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების აღდგენას მოითხოვენ, რაც COVID-19 კრიზისის დროს სასაზღვრო კონტროლის გამო დაირღვა. ინფორმაციას ევროპარლამენტი თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ წევრმა ქვეყნებმა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება სწრაფად უნდა აღადგინონ.

რაც შეეხება შიდა საზღვრის კონტროლის წესებს, რომელიც 2015 წლიდან არსებობს, ევროპარლამენტარები მას მოძველებულად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ ასეთი შემოწმებები პროპორციულობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს აღარ აკმაყოფილებს, ამიტომ უკანონოა.

მოხსენებაში ევროპარლამენტარები, ასევე, მოითხოვენ ბულგარეთისა და რუმინეთის სრულად ინტეგრაციას თავისუფალი გადაადგილების ზონაში, რადგან ორივე ქვეყანამ შენგენში შესვლის მოთხოვნები დააკმაყოფილა.

ხორვატიამაც შეასრულ ეს მოთხოვნები, რაშიც ევროკომისიის წევრები 2020 წლის ნოემბერში, ქვეყანაში ვიზიტის დროს დარწმუნდნენ, მაგრამ ევროპარლამენტარები შეშფოთებული არიან ხორვატიის საზღვრებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ისინი იმედოვნებენ, რომ ხორვატია თავის საზღვრებზე ადეკვატური პერსონალის დონეს აამაღლებს.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ აუცილებელია შენგენის სასაზღვრო კოდექსის რეფორმა, რათა გადაადგილების თავისუფალი ზონის არსებული მდგომარეობა მოგვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო კონტროლი წევრი სახელმწიფოების პრეროგატივად რჩება, ახალი გარანტიები უზრუნველყოფს კონტროლის ისეთი წესების გაუქმებას, რომლებიც პროპორციულ რეაგირებას ვეღარ უზრუნველყოფენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ