კარტოფილის ექსპორტმა მოცვისას გადააჭარბა - რამდენი და სად გაიყიდა ქართული კარტოფილი

ივნისში ქართული კარტოფილი (სათესლე კარტოფილის გარდა) ქვეყნის ექსპორტის მთავარ სამეურნეო პროდუქტად დარჩა. უცხოეთში კარტოფილის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მოცვის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე 20%-ით მეტია. მოცვი ივნისში ექსპორტირებული პროდუქტების სიაში მეორე ადგილზეა.

ქართული კარტოფილის მთავარი საექსპორტო მიმართულება ისევ რუსეთია. ივნისის ექსპორტიდან რუსეთის წილი 92%-ია, რაც მთლიანი 3,7 მლნ დოლარის შემოსავლიდან 3,4 მლნ დოლარს შეადგენს. ივნისში ექსპორტირებული 8,7 ათასი ტონა კარტოფილიდან 7,6 ათასი ტონა რუსეთში გაიგზავნა. რუსეთის გარდა, კარტოფილის ექსპორტი სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მოლდოვასა და თურქეთშიც განხორციელდა.

ივნისში საშუალოვადიანი საექსპორტო ფასი კგ-ზე 0,43 დოლარი იყო, რაც მაისის საექსპორტო ფასთან შედარებით, 10%-ით მეტია. რუსებმა, მინიმუმ, 40%-ით მეტი გადაიხადეს, ვიდრე სხვა იმპორტიორებმა, რადგან ქართველმა ფერმერებმა რუს იმპორტიორებს 1 კგ კარტოფილი 0,45 დოლარად მიყიდეს.

თუმცა მაისთან შედარებით, ივნისში კარტოფილის ექსპორტმა მოიკლო. თუ მაისში 3,8 მლნ დოლარის ანუ 9,6 ათასი ტონა კარტოფილი გავიდა ქვეყნიდან, ივნისში ექსპორტი 3,7 მლნ დოლარამდე, 8,7 ათას ტონამდე შემცირდა.

წელს, ზოგადად, კარტოფილის საექსპორტო შემოსავალი რეკორდულად მაღალია. პირველ ექვს თვეში საქართველომ კარტოფილის ექსპორტიდან 8.7 მლნ დოლარი მიიღო, რაც წინა ნებისმიერ მთლიან წელთან შედარებით, სულ მცირე, ორჯერ მეტია.

მიმდინარე წელს კარტოფილის მთლიანი საექსპორტო შემოსავლის 85% ქვეყანამ მხოლოდ 2 თვეში, მაისსა და ივნისში მიიღო. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის ბაზარზე უპრეცედენტო მოთხოვნა იყო.

პორტალ EastFruit-ის შეფასებით, ქართული კარტოფილის მიმართ უჩვეულოდ დიდი ინტერესი რუსეთში კარტოფილის მარაგების შემცირებამ განაპირობა, რაც ამჟამად რუსეთისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. იქ კარტოფილის მიწოდება იზრდება და ფასებიც იკლებს. ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის პირველ კვირამდე რუსეთში 1კგ კარტოფილის ფასი 0,69-დან 0,27 დოლარამდე დაეცა, რაც პრაქტიკულად, საქართველოში არსებულ დღევანდელ ფასს, კგ-ზე 0,25 დოლარს ემთხვევა.

„ამრიგად, რუსეთის ბაზარზე დროებითი საექსპორტო ფანჯარა იკეტება. წინა კვირის შემდეგ რუსი იმპორტიორების მხრიდან აქტივობა, პრაქტიკულად, ნულოვანია,“ - წერს EastFruit.

რუსეთის წლევანდელმა მოთხოვნამ ქართულ ბაზარზე კარტოფილის გაძვირება გამოიწვია. გასულ წელთან შედარებით, 1კგ კარტოფილზე ფასმა 0,05-0,12 დოლარით მოიმატა. ამჟამად საქართველოში 1კგ კარტოფილი, შარშანდელთან შედარებით, 0,05 დოლარით ძვირია.

EastFruit-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული საექსპორტო შესაძლებლობა დროებითი იყო და მომდევნო სეზონზე ქართველი ფერმრები ექსპორტის განვითარებაში უფრო აქტიური უნდა იყვნენ, რისი მთავარი პირობაც მარკეტინგის დახვეწაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ