„ფერმერები მიდიან იქ, სადაც მოგება არის“- რატომ იხურებიან მესაქონლეობის ფერმები საქართველოში

ფერმერები მიდიან იქ, სადაც მოგება არის - აცხადებს ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი და ამით ეხმაურება ბოლო პერიოდში საქართველოს რეგიონებში მესაქონლეობის ფერმების ნაწილის მხრიდან საქმიანობის შეწყვეტას ან საქმიანობის შეცვლას.

რუსუდან გიგაშვილის თქმით, მიზეზებს შორისაა არაჯანსაღი კონკურენცია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის არარსებობა იწვევს.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმა, ,,შირაქი“ ფაქტობრივად, გაჩერდა პირველადი რძის მიღების კომპონენტში. გადამუშავებას კი ისევ აგრძელებს. რძის გადამუშავებაში მოგება არის, პირველად წარმოებაში არა. ამიტომ, მეწარმის მხრიდან იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. ფერმერები მიდიან იქ, სადაც მოგება არის.

რაც შეეხება, ზოგადად ტენდენციას, ასევე გაჩერდა ,,მწვანე რანჩო“, სხვა ფერმები კახეთში ან გაჩერდა, ან განახევრდა.

მიზეზი ძალიან მარტივია, ჩასაბარებელი რძის ფასი არ იზრდება, თუმცა იზრდება საქონლის შენახვის ხარჯები. ეტაპობრივად, ალბათ, ეს პრობლემა ყველა მსხვილ მწარმოებელს შეეხება, რადგან საკვები ბაზის გაძვირება შეუქცევადი პროცესია. ადგილზე საძოვრები მთლიანად არ არის ათვისებული და გამოუყენებელია, არადა ისეც მცირე მიწიანები ვართ. გარდა ამისა, ინგრედიენტები, რომელიც მაღალ პროდუქტიულ პირუტყვს სჭირდება კვებისთვის, გაძვირებულია და მესამე ეს არის ლარის კურსის არასტაბილურობა, რამაც წნეხი ფერმერზე მეტად ასახა. ამას დაერთო პანდემიაც.

ნედლი რძის მწარმოებლებს ამდენ პრობლემასთან ერთად, უწევთ უკონტროლო ბაზარზე ოპერირება. ისევ მშვენივრად ამარაგებენ ბაზარს ის ხალხი, ვინც იატაკქვეშეთში ფხვნილით და სხვა მინარევებით ამზადებენ პროდუქციას. შესაბამისად, არის არაჯანსაღი კონკურენცია. მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო ინფორმაცია პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობს. მიდგომა ასეთია - მრგვალია, თეთრია ანუ, ყველია. ამ დროს, რასაც იმერული, ყველი და სხვა სახელწოდებები აწერია, არანაირი საერთო არ აქვს ყველთან“, - აცხადებს გიგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი