აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით 34 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობის ან ჩართვის რისკის გამო 34 კომპანია ეკონომიკურ „შავ სიაში“ შეიყვანა. დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 კომპანიიდან 14 ჩინეთში მდებარეობს და მონაწილეობა მიიღეს რეპრესიების, მასობრივი დაკავებებისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის საქმიანობაში უიღურების, ყაზახებისა და სხვა მუსლიმური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში.

სიაში კიდევ 5 კომპანია ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების მხარდაჭერის გამო მოხვდა. ვაჭრობის დეპარტამენტმა ამავე პაკეტში ის 8 კომპანია დაამატა, რომლებიც ხელს უწყობენ ამერიკული საქონლის ირანში ექსპორტს მისი კონტროლის წესების დარღვევით. დეპარტამენტმა 6 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა, რომლებიც ჩართულნი არიან ამერიკული წარმოშობის ელექტრონული კომპონენტების შესყიდვაში, რითაც სავარაუდოდ, ეხმარებიან რუსეთის სამხედრო პროგრამების განვითარებას. კიდევ ერთი კომპანია ასევე რუსეთთან საქმიანობას უკავშირდება. რუსული მედია განმარტავს, რომ მათი კომპანიების მიმართ ლიცენზიის მინიჭების შეზღუდვა აშშ-ში ძალაში 12 ივლისს შევა.