Ford-მა ხელმძღვანელი პირის სტატუსი გენდერულ-ნეიტრალური ფორმულირებით შეცვალა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Ford Motor-მა თავის შინაგანაწესში გენდერული ცვლილებები შეიტანა. ახალი გენდერულ-ნეიტრალური ფორმულირებით კომპანია ცდილობს, სამუშაო ატმოსფერო უფრო მეტად ინკლუზიური გახადოს.

Reuters-ის ცნობით, ავტომწარმოებელი თავის შინაგანაწესში ხელმძღვანელის პოსტზე „chairman“ სტატუსის ნაცვლად, „chair“-ს გამოიყენებს.

„ეს მწვავე დებატების ფონზე ხდება, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი და რომ კორპორაციული ენა და ინსტიტუტები უფრო ინკლუზიური უნდა გახდეს,“ - წერს Reuters.

წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა თავის შინაგანაწესში გენდერულ-ნეიტრალური ნაცვალსახელები დაამატა, რომელთა არჩევაც ამერიკელებს მთავრობასთან დაკავშირების დროს შეეძლოთ.

გარდა ამისა, პროფესიულმა სოციალურმა ქსელმა LinkedIn-მა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეულ ქვეყნებში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავიანთ აქაუნტებში სასურველი გენდერული ნაცვალსახელები გამოიყენონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ