ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ქვეყანაში 286.8%-ით გაიზარდა

ივნისში პანდემიურ, 2020 წლის ივნისთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ქვეყანაში 286.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, მაისში წლიური 188.1%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში წლიურად 286.8%-ით გაიზარდა. მკვეთრად მაღალი წლიური ზრდის ტემპი, ძირითადად, 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება.

2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, მაისში 83.1%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები ივნისში 79.8%-ით შემცირდა. რეგიონულ ჭრილში, 2021 წლის ივნისში, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, მაისში 88.5%-იანი შემცირების შემდეგ, ივნისში უფრო ნაკლებად, 81.9%-ით შემცირდა.

ამასთან, აღდგენის დინამიკა შეინიშნება დსთ-ის ქვეყნებიდანაც. მაისში -88.1%- ის შემდეგ, ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 84.5%-ით შემცირდა. ტურისტული შემოსავლების ჭრილში, სავარაუდოა, რომ აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო,“-ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი