ზელენსკის სურს, უკრაინის ენერგოუსაფრთხოების საკითხი ნორმანდიულმა ფორმატმა განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნორმანდიულ ფორმატს აქვს პოტენციალი, უკრაინის ენერგოუსაფრთხოების საკითხი განიხილოს, რაც ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის გამო გაჩნდა.

„მე მართლაც მგონია, რომ ნორმანდიულ ფორმატს შეუძლია, გახდეს პლატფორმა, სადაც უკრაინის ენერგოუსაფრთხოების საკითხი წამოიჭრება. მე მერკელს ვუთხარი, რომ უნდა გვახსოვდეს საშიშროება, გაზის სატრანზიტო სისტემიდან უკრაინის შესაძლო გათიშვის შესახებ. ამით რისკის ქვეშ დგას მთელი უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. შესაბამისად, დონბასში ამ პრობლემის წამოჭრა დანარჩენი ტერიტორიების უსაფრთხოებასაც ეხება, რაც თავისთავად, ნორმანდიული ფორმატის განხილვის საკითხია,“ - განაცხადა ზელენსკიმ ანგელა მერკელთან ერთობლივ ბრიფინგზე გერმანიაში.

მისი თქმით, გერმანიას არა მხოლოდ ევროპის, არმედ უკრაინის ენერგოუსაფრთხოებაც აწუხებს. პრეზიდენტმა „გაზპრომსა“ და „ნეფტოგაზს“ შორის 2019 წელს ხელმოწერილი კონტრაქტი გაიხსენა, რომელიც ევროპის მიმართულებითა და გერმანიის თანამონაწილეობით, უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტს უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის ასეთი გარანტიები ცოტაა, რადგან მოლაპარაკებების სუბიექტი რუსეთის ფედერაციაა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ევროკავშირისგან, გერმანიისგან და საფრანგეთისგან მყარი გარანტიები უნდა გვქონდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიისგან გარანტიების მეტ კონკრეტიკას მოელის. თავის მხრივ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გამო უკრაინიდან ევროპის მიმართულებით გაზის ტრანზიტი არ შეწყდება, რაზეც გარანტიის მიცემა აუცილებელია.

კოკა კვირკველია