უკრაინა ევროკავშირის „მწვანე სიაში“ მოხვედრას წინასწარ ზეიმობს

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე ჯერ არანაირი ცნობა არ ვრცელდება, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ ჯოზვიაკის ინფორაციით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინა ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ჟურნალისტი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ დღეს ევროკავშირი მესამე ქვეყნების სიას განაახლებს და მასში უკრაინაც მოხვდება.

„ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვიტეს, უკრაინა დაემატოს იმ მესამე ქვეყნების სიას, რომლისთვისაც ევროკავშირში მოგზაურობის შეზღუდვები უნდა მოიხსნას. სია ოფიციალურად უნდა განახლდეს, რომელშიც მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე არიან," - წერს ჯოზვიაკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ოფიციალურ ცნობას არ დაელოდა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის განზრახვას, დაასახელოს უკრაინა მესამე ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც არაარსებითი მგზავრობა ნებადართულია.

„მივესალმები ევროკავშირის რეკომენდაციას უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის სრულ აღდგენაზე. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინაში ეპიდემიური ვითარების მაჩვენებლები ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს ზაფხულის ამ სეზონზე უკრაინელებისათვის ახალი მოგზაურობის შესაძლებლობებს აჩენს და მნიშვნელოვანი სიგნალია მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რომ უკრაინაში COVID-19-ის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ჩვენი სახელმწიფო სათანადო რეაგირებას ახდენს პანდემიის გამოწვევებზე,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებაში. ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო შენიშნავს, რომ „მწვანე სიაში" შეტანა ავტომატურად არ ნიშნავს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც ეროვნულ „მწვანე სიებში“ მესამე ქვეყნების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას თავად იღებენ,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრი კულებამ დიპლომატებს დაავალა, ოპერატიულად აწარმოონ დამატებითი მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან ეროვნულ "მწვანე სიებში" უკრაინის შეყვანისა და მისი მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთაზე სახელმწიფო სტანდარტების განახლების შესახებ.

ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს უკრაინელებს, გამგზავრებამდე მოგზაურობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას გაეცნონ.

როგორც ცნობილია, ევროკავშრმა ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სია 1-ელ ივლისს განაახლა და მასში კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი და საუდის არაბეთი შეიყვანა. საქართველო სიაში ვერ მოხვდა.

„მწვანე სიას“ ახალი ქვეყნები ევროკავშირის ფორმულის მიხედვით ემატება, რომლის მიხედვითაც 100 000 მოსახლეზე 14 დღეში 100-ზე ნაკლები დაავადების ახალი შემთხვევა უნდა გამოვლინდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ