აშშ-ის ხაზინის ყოფილი შეფი: ბიტკოინი ოქროს შემცვლელია

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში სტივენ მნუჩინი შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი იყო და ციფრულ ვალუტებს კრიტიკას არ აკლებდა. დღეს კი ამბობს, რომ ბიტკოინის, როგორც კაპიტალის დაბანდების საშუალებად გამოყენება მიზანშეწონილია. თუმცა იმასაც დასძენს, რომ თავად ბიტრკოინის (BTC) ყიდვას არ აპირებს.

CNBC-სთან საუბრისას, მნუჩინმა აღიარა, რომ ბიტკოინთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება შეიცვალა. ტრამპის დროს, მისი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ციფრული ვალუტებისადმი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იყო. კრიტიკოსთა შორის, ერთ-ერთი „მოწინავე“ პოზიცია სწორედ მნუჩინს ეკავა.

„ვფიქრობ, ჩემი შეხედულება შეიცვალა. და ეს ცვლილება თანმიმდევრულია. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელიც ბიტკოინს საფუძვლად უდევს, მართლა საოცარია. მას ბევრი მხარე გააჩნია, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. ვფიქრობ, თუ ადამიანებს ოქროს, ან სხვა აქტივის ნაცვლად, ბიტკოინის ყიდვა სურთ, ეს ნორმალურია“, - ამბობს მნუჩინი.

ის დასძენს, რომ საკუთარ პორტფელში ბიტკოინის შეტანა არ სურს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის საშუალება სხვებს არ უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ასევე თვლის, რომ ბიტკოინი და მისი ქსელი, რეგულაციების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.