,,ახალ ინვესტიციებზე არაფერს ვამბობ, უკვე არსებული ინვესტორები სვამენ კითხვას, ხომ არ გავიდნენ ქვეყნიდან და დახურონ პორტფელები“

,,ელჩების და სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადებით ბუნდოვანი გახდა, ჩვენი როგორც მოკლე, ასევე საშუალო ვადიანი პერსპექტივა“- ამის შესახებ ,,თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ 5 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ლევან ყარალაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ეკონომიკაზე აისახება პირდაპირ და ძალიან ნეგატიურად.

,,ბოლო 15 წელიწადია, რომ ინდიკატორებში და რეიტინგებში მოწინავე ადგილებზე ვართ, რაც თავისთავად კარგი ტრენდია. გაზაფხულიდან, ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ქვეყანა გაიხსნა, ტურისტებს ველოდებით და მოხდა რაღაც პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა პოლიტიკოსებს შორის, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ ცხოვრების ნორმალურ ტემპს დავუბრუნდებოდით. თუმცა, ბოლო დროის მოვლენები ამ ყველაფერს ხაზს უსვამს, რადგან ინვესტორისა და ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოივანი სტაბილური გარემოა. როცა ხედავენ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ნეგატიური ინფორმაციის ტალღას ქმნის და უკარგავს პოტენციურ ინვესტორს სურვილს, რომ ქვეყანაში საქმიანობა გააგრძელოს.

მხოლოდ ჩვენს ჯგუფს, 300 მლნ-ს ინვეტიცია აქვს შემოტანილი ქვეყნაში. დღესაც ვემუშავებით ევროპელ პარტნიორებს და ვამუშავებთ 60 მლნ-ს საინვესტიციო პაკეტს. აქცენტს ვაკეთებთ მომავალ წელზე, რადგან უკვე იმედია პოსტ პანდემიური პერიოდი იქნება და სიტუაცია გაუმჯობესდება, ასე ვფიქრობდით, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეკითხებიან, რა ხდება ჩემს ქვეყანაში და მე, მიჭირს ავუხსნა საით მიდის ქვეყანა. ელჩების და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადებით კი ბუნდოვანი გახდა, ჩვენი როგორც მოკლე, ასევე საშუალო ვადიანი პერსპექტივა. მსგავსი განცხადებები ეკონომიკაზე აისახება პირდაპირ და სამწუხაროდ, აისახება პირდაპირ ნეგატიურად. რომ გადავხედოთ ინვესტიციების ბოლო მაჩვენებლებს, ის ყველაზე დაბალია ისტორიულად. ახალ შემოდინებაზე არაფერს ვამბობ, უკვე არსებული ინვესტორები სვამენ კითხვას, ხომ არ გავიდნენ ქვეყნიდან და დახურონ პორტფელები. ამას კი ხელისუფლება ვერ ან არ აფასებს სწორად.

ხელისუფლება ვერ ართმევს თავს არსებული სიტუაციიდან გამოსვლას და საუბრობს განვითარების 10-წლიან გეგმაზე, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია დღეს. სულ გვესმის, რომ იქნება ბიზნესის მხარდაჭერა, მაგრამ ამისთვის არ გადადგმულა არავითარი რეალური ნაბიჯები. იგივე, ჩვენს სექტორში, რომელიც დაკეტილი იყო 5 თვე და მიუხედავად ამისა, სრული საგადასახადო ტვირთით გვიწევს დღეს ოპერირება. სახელმწიფომ არაფერი გაითვალისწინა“-განაცხადა ყარალაშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი