IDFI  - შესაძლებელია მნიშვნელოვან პრობლემად შეფასდეს Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი

16 ივლისი, 2021 - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, Covid-19 პანდემიის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგის შედეგები.

„ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.

მივიჩნევთ, რომ ანგარიშში წარმოჩენილი ისეთი საკითხების, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის დაგეგმვასთან, პირდაპირი დახმარებების სოციალური საჭიროებების მიხედვით განაწილებასთან და სხვა, ოპტიმალური გადაწყვეტის პირობებში, შესაძლებელი იყო ანტიკრიზისული ღონისძიების ეფექტიანობის ზრდა.“ - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიშვილმა.

პრეზენტაციის ფარგლებში ასევე განიხილეს პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით გამოვლენილ ძირითად გამოწვევები, პანდემიის მართვის სამართლებრივი მოდელი, მასთან ასოცირებული პრობლემები და უფლებების შეზღუდვის თაობაზე მიღებული პრობლემური გადაწყვეტები.

პრეზენტაციის ფარგლებში ასევე განიხილეს პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით გამოვლენილ ძირითად გამოწვევები, პანდემიის მართვის სამართლებრივი მოდელი, მასთან ასოცირებული პრობლემები და უფლებების შეზღუდვის თაობაზე მიღებული პრობლემური გადაწყვეტები.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით IDFI მიიჩნევს, რომ:

  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს პანდემიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ გამარტივებული შესყიდვების გამოყენება ისეთი მომსახურებისა და პროდუქტების შესყიდვისას, რომელთა საჭიროება წინასწარ ცნობილია და შესაძლებელია მათი დაგეგმვა და კონკურენტული პირობებით ჩატარება.
  • საქართველოს პარლამენტმა უნდა გააქტიუროს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მისთვის მინიჭებული, აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი და პოლიტიკური კონტროლის მექანიზმები. კომენდანტის საათის გამოყენების საკითხი უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.
  • პანდემიის მართვის სამართლებრივი ვერტიკალი უნდა დაიხვეწოს. უნდა გაიზარდოს უწყებათაშორისი საბჭოს გამჭვირვალობა და ჩართულობა. უნდა განისაზღვროს უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესი.
  • საქართველოს მთავრობამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ (ოპერაციულმა შტაბმა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ პანდემიის მართვასთან და შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებული ღია მონაცემებისა და ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.
  • სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს თანასწორობის დაცვას Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების პროცესში.