2021 წლის 1-ელ ნახევარში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა  პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 20.7%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1 884.7 მლნ აშშ დოლარს (25.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 4 325.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (18.9 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2021 წლის იანვარ-ივნისში, 2 440.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3 პროცენტია.

„2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (289.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (263.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (244.4 მლნ. აშშ დოლარი). ანალოგიურ პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 68.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (779.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (466.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (362.8 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (944.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (729.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (652.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 205.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 371.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 335.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 327.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი