შვეიცარიაში საპენსიო ასაკის გაზრდაზე შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს

შვეიცარიში სახელმწიფო საპენსიო სისტემის რეფორმირებისა და საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რეფორმა ითვალისწინებს მამაკაცებისა და ქალებისთვის საპენსიო ასაკის ჯერ 65-დან 66 წლამდე, ხოლო 2050 წლისთვის 67,5 წლამდე გაზრდას.

Reuters-ს მონაცემებით, მოსახლეობის დაბერება და მეტად დაბალი საპროცენტო განაკვეთები საპენსიო სისტემაზე ყველგან ახდენს ზეწოლას და ბევრმა ქვეყანამ საპენსიო ასაკი უკვე გაზარდა.

„შვეიცარიაში პირდაპირი დემოკრატიის სისტემის საშუალებით, ანუ რეფერენდუმით რეფორმის ინიცირების ბოლოდროინდელი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა,“ - წერს სააგენტო.

თუმცა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ, „ახალგაზრდა ლიბერალებმა“ კიდევ ერთხელ სცადეს და რეფერენდუმი დააინიცირეს.

მათ, ლოზუნგით - "ახალგაზრდობის აჯანყება," ბერნის ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ 145000 ხელმოწერა წარუდგინეს, რომელზეც მოთხოვნილია 2032 წლისთვის საპენსიო ასაკის 66 წლამდე გაზრდა ამჟამინდელი ქალთა 64-იანი და მამაკაცთა 65-წლიანი ასაკიდან. ამასთან, 2032 წლიდან საპენსიო ასაკი შედარებით ნელა, სიცოცხლის ხანგრძლივობის შესაბამისად გაიზრდება. ლიბერალ-დემოკრატების ინიციატივას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

შვეიცარიის საპენსიო სისტემა ეყრდნობა 2 სავალდებულო კომპონენტს: ხანდაზმულებისა და მარჩენალდაკარგულთა დაზღვევას (AHV) და მეორე - პროფესიული ანაზღაურების დაზღვევას (BVG), რაც იგივე საპენსიო ფონდია. არსებობს მესამე, ნებაყოფლობითი კომპონენტიც კერძო დანაზოგებისათვის. 2014 წლიდან AHV იხდის უფრო მეტს, ვიდრე იღებს და პრობლემა უფრო გამწვავდება, როდესაც ე.წ. ბეიბი-ბუმერების ანუ 1946-დან 1964-წლამდე დაბადებული თაობა პენსიაზე გავა.

შვეიცარულ ბანკ UBS-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებული მონაცემებით, საპენსიო თანაფარდობის საერთაშორისო ინდექსმა აჩვენა, რომ შვეიცარიაში რეფორმა აუცილებელი და დასაჩქარებელია, რადგან აქტიური ადამიანების და პენსიონერების თანაფარდობა, რომელიც ამჟამად 3/1-ზე მეტია, 2050 წლისთვის, სავარაუდოდ, 2/1-ით შემცირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ