ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდა - „აისეტი“

2021 წლის მესამე კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 34.7 პუნქტით გაიზარდა და 36.4-ს გაუტოლდა, წინა კვარტალში მცირედი გაუარესების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომელსაც მოყვება სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორები. BCI-ის დადებითი ცვლილება 2021 წლის მე-3 კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2021 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 50.7 პუნქტით გაიზარდა და 2021 წლის მე-3 კვარტლისთვის 46.6-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2021 წლის მე-2 კვარტლის გაუარესების შემდეგ გაუმჯობესდა და 45.2 პუნქტი შეადგინა. 2021 წლის მე-3 კვარტლისთვის მოლოდინების ზრდა დაფიქსირდა ყველა სექტორში, გარდა საფინანსო სექტორისა, სადაც ის იმავე დონეზე დარჩა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი გაიზარდა 1.2-ით და 18.4 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების მცირედით გაზრდილი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსის ზრდა მრეწველობის სექტორში აღნიშნული მაჩვენებლის საგრძნობი ზრდითაა გამოწვეული,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი